ელისო კილაძე-რუსულ სპეცსამსახურებს საიდუმლო მასალები საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა გადასცა

kiladzeსახიფათო რუსული თამაშები საქართველოში მუდმივად აქტუალური იყო, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ რუსული სპეცსამსახურები არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ, არამედ პირდაპირი წვდომა მოიპოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულ საიდუმლო მასალებზე. ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მისი სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი და მისი ცოლის ნათესავები რუსული სპეცსამსახურების პირდაპირ საყრდენს წარმოადგენდნენ. „ქრონიკა+“-ს მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ზვიად ჯანყარაშვილისა და სხვების მეშვეობით ფსბ-მ სერიოზული ინფორმაციები მოიპოვა, მაგრამ სქემა, როგორ მოხდა შსს-ს არქივში დაცული გრიფით საიდუმლო მასალები რუსეთში, „ქრონიკა+“-ს უშუალოდ იმ პირმა მიაწოდა, რომელიც ამ პროცესების მონაწილეა.

ეს არის დიდი სახელისუფლებო სკანდალი, მით უფრო, იმ ფონზე, როცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ სქემაში ქვეყნის საგარეო დაზვერვის შეფი, დავით სუჯაშვილიც იყო ჩართული, რომელიც, თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში (სამინისტრო ჯერ არ იყო გაყოფილი) სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის არქივიდან (იმ პერიოდში არქივი შედგებოდა პოლიციური და სპეცსამსახურების ე. წ. უშიშროების არქივისგან) გაიტანეს და დააკოპირეს ყველა იმ საიდუმლო თანამშრომელთა (აგენტურა) საქმეები, რომლებიც წინა ხელისუფლებების მმართველობის დროს ქართულმა სპესამსახურებმა გადმოიბირეს. გარდა ამისა, არსებობდა საიდუმლო თანამშრომელთა კონკრეტული სია, რომელთა მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ რუსული სპეცსამსახურები და რომელთა ინტერესსაც აკმაყოფილებდნენ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები, კერძოდ: ამავე წყაროს ინფორმაციით, პირადად შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საიდუმლო თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის კოპირებაზე და გატანაზე დავალება მიიღო მაშინდელმა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა და ამჟამინდელმა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა. ამ უკანასკნელმა დავალების შესრულებაზე მითითება მისცა მის მოადგილესა და ზემოაღნიშნული არქივის კურატორს, გიორგი კოშაძეს. როგორც ჩანს, გ. კოშაძეს კარგად ჰქონდა გააზრებული, რას ნიშნავდა ზემოაღნიშნული დავალების შესრულება, მან კატეგორიული უარი განაცხადა, დაერღვია კანონი, ჩაედინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და საიდუმლო ინფორმაცია გაეტანა არქივის გარეთ, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ის რუსული სპეცსამსახურების ხელში მოხვდებოდა.
უარს დავით სუჯაშვილსა და გიორგი კოშაძეს შორის სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა. დაპირისპირება გიორგი კოშაძის თანამდებობიდან განთავისუფლებით დასრულდა. კოშაძე არ აპირებდა გაჩერებას და ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით სუჯაშვილის დანაშაულებრივი გეგმის გამომჟღავნება უნდოდა. ის შეეცადა, ამ თემაზე შეხვედროდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ უშედეგოდ. ირაკლი ღარიბაშვილი სრულად აკონტროლებდა კოშაძის „მოძრაობას“ და ზედმიწევნით ფლობდა ინფორმაციას კოშაძის გეგმებზე, გამოემჟღავნებინა ინფორმაცია. ამის გამო გიორგი კოშაძეს ღარიბაშვილი პირდაპირ პატიმრობითა და ლიკვიდაციითაც კი დაემუქრა.
მოგვიანებით, გიორგი კოშაძე, გაჩუმების მიზნით, მაშინდელი „სუსის“ ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. მისი დირექტორის მოადგილეობის პერიოდში ე. წ. უშიშროების არქივის ხელმძღვანელი იყო ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მეორე დისშვილი, ირაკლი წელაური. კოშაძის წასვლის შემდეგ სწორედ ირაკლი წელაურმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელმა, ზვიად მიქაუტაძემ (ყოფილი „სოდის“ თანამშრომელი, დავით სუჯაშვილის თანაკურსელი) შეასრულეს აღნიშნული დანაშაულებრივი ბრძანება, კერძოდ, არასამუშაო საათებში, ღამით, სრულიად საიდუმლო მასალები არქივიდან გამოიტანეს და ასლები გადაიღეს. ამის შემდეგ, მალევე, ირაკლი წელაური „დამსახურებისთვის“ გიორგი კოშაძის ადგილზე დაინიშნა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, ხოლო ზვიად მიქაუტაძე _ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად; იგი ამჟამად საგარეო დაზვერვის გენერალური ინსპექციის უფროსია (ზვიად მიქაუტაძე პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტიურად მონაწილეობდა თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადების საქმეზე განთავისუფლებული პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრების დაშინების საქმეში, გათავისუფლებული პოლიციელები თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევდნენ, რადგან თენგიზ გუნავას მათ იარაღი სწორედ ხელმძღვანელების დავალებით ჩაუდეს, შემდეგ, როცა ამ საქმეს გაუთვალისწინებელი ხმაური და აჟიოტაჟი მოყვა, პოლიციელები გაწირეს და სამსახურიდან დაითხოვეს. ძვიად მიქაუტაძემ წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მან დააშინა პოლიციელების ოჯახის წევრები და მათი პროტესტიც აღარ გაგრძელებულა.
აღსანიშნავია, რომ სრულიად საიდუმლო მასალების არქივიდან გატანის შესახებ ინფორმირებულია და საქმის კურსშია ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამჟამად კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე, რომელიც ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში იკავებდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.
„ქრონიკა+“-ის წყარო ასევე გვეუბნება, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, როცა მინდია ჯანელიძე და დავით სუჯაშვილი საქართველოს საელჩოს თანამშრომლები იყვნენ მოსკოვში, ქართული სპეცსამსახურები უკვე ფლობდნენ ინფორმაციას ამ ორი პიროვნების რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, თუმცა სქემა ბოლომდე გაშიფრული არ იყო, იმიტომ რომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა. ჩვენი წყარო ეჭვობს, სწორედ მათი ხელით გადაეცა სრულიად საიდუმლო მასალები რუსულ სპეცსამსახურებს.
სპეცსამსახურის ყველა თანამშრომელმა იცის, რომ ე. წ. უშიშროების არქივი დაცულია სიგნალიზაციით, უწყვეტი ვიდეოგადაღებით და წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლების მხრიდან შესაბამისი განკარგულებით. ამდენად, ძნელი გამოსაძიებელი ნამდვილად არ არის, როდის, ვინ და რა პირობებში გაიტანა საიდუმლო მასალები არქივიდან.
ინფორმაციასთან წვდომა მაშინდელ მინისტრსა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ისედაც ჰქონდათ და სულაც არ იყო საჭირო არქივიდან მასალების კანონდარღვევით გატანა. უბრალოდ, მიზანი იყო აღნიშნული მასალების დაკოპირება და დოკუმენტურად გადაცემა რუსული სპეცსამსახურებისთვის.
ეს ინფორმაცია არც პირველია და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება, რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის შესახებ ვრცელდება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს არის თემა, რომელიც პირველ რიგში უნდა გამოიძიონ.

ელისო კილაძე

“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაIDFI-მ ყველაზე დახურულ უწყებად იუსტიციის სამინისტრო დაასახელა