ელისო კილაძე პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს

გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი დღეს თბილისის პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს. საქმე ეხება მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავების მომენტში სამართალდამცველთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს.

ელისო კილაძის მტკიცებით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება და კიდევ ერთხელ დაადასტურებს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულს.

„დაკავებისას პოლიციელები წერდნენ, რომ დაკავებისას ჩემი შვილის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა და მას დაზიანებები არ ჰქონდა, კაპეზეში შეყვანისას დეტალურად აღნიშნულია ყველა ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა. ჩემმა შვილმა უკვე მისცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება გამოძიებას. მე მივდივარ ქალაქის პროკურატურაში, გამოძიებას მნიშვნელოვან მასალებს გადავცემ, რომელიც დაეხმარება დამნაშავის დადგენაში. ეს ეხება დაკავების მომენტს და იმ დღეს, იმ მომენტს როდესაც ჩემი შვილის დაკავება განხორციელდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება 23 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა ჩეჩნეთში გეების მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიაგელა ხვედელიძეს მეორე ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა