ელისო კილაძე: „ილია მეორე აფხაზეთის აღიარებას არ თანხმდება და რუსეთი ამიტომ ჩქარობს მის გადაყენებას“

ელისო კილაძე: „პატრიარქს ჟურნალისტებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს“

საპატრიარქოს კარის თამაშებზე „თაიმერს“ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ესაუბრება.

საპატრიარქოს სკანდალები არ აკლია, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ სკანდალებმა საგანგაშო სახე მიიღეს. თქვენი აზრით, რა ხდება სინამდვილეში? დეკანოზი გიორგი მამალაძე სკანდალური წერილის გასაჯაროებით იმუქრება, ექს-ქორეპისკოპოსმა გააკეთა „სასწაული“ განცხადებები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქისგან გადადგომას ითხოვდნენ…

– მე მგონია რომ საპატრიარქოში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. ბრძოლა, რომელიც აქამდე მიდიოდა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მხედველობაში მაქვს პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა უკვე რამდენიმე წელია რაც გრძელდება. ამ ბრძოლის ნაწილი იყო ციანიდის სკანდალიც.
ამ ბრძოლის შედეგად რამდენიმე გავლენიანი მეუფე ჩამოაშორეს პატრიარქობისკენ მიმავალ გზას. მხედველობაში მყავს მეუფე სერაფიმე, მეუფე იობი, მეუფე თეოდორე. მერე გამოჩნდა, რომ სკანდალები, რაც მათ წინააღმდეგ აგორდა, რეალობასთან ახლოს არ იყო, მაგრამ იმ დროისთვის კარგად იმუშავა.
ციანიდის საქმე იყო ბოლო აკორდი, როდესაც მეუფე დიმიტრი ჩამოაშორეს საპატრიარქოს და პატრიარქის ახლო გარემოცვასაც. ხოლო მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი, რომელიც ციანიდის სკანდალამდე პატრიარქის დაცვის უფროსი იყო, აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა.
გიორგი მამალაძეს რაც შეეხება, მიმაჩნია რომ ის საპატრიარქოს მძევალია. მან გარკვეულწილად თავისთავზე აიღო ის მძიმე ტვირთი, რასაც სახელად საპატრიარქოს ლუსტრაცია ჰქვია. ძალიან დიდი აჟიოტაჟია გიორგი მამალაძის წერილთან დაკავშირებით. არ დამიმალავს, რომ წერილის შინაარსი ვიცი, თუმცა პირადად მე ამ წერილს არასდროს გავასაჯაროებ.

– ასეთი „საშინელია“ ეს წერილი?

-ამ წერილთან დაკავშირებით მაქვს კატეგორიული პოზიცია. როგორც ჟურნალისტი და როგორც გაზეთის რედაქტორი ვფიქრობ, რომ ეს წერილი არის ისეთი წითელი ხაზი, რომელიც არავინ უნდა გადაკვეთოს. ვიმეორებ ამ წერილს არავითარ შემთხვევაში არ გამოვაქვეყნებ, არც იმ შემთხვევაში თუ გიორგი მამალაძე მთხოვს. დაკავების დღიდან, მამა გიორგი მამალაძის გვერდით ვარ, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. დაკავებულ დეკანოზს დღესაც მხარს ვუჭერ. როდესაც დეკანოზის ძმამ აქციები დაიწყო, საპატრიარქომ აქციების ორგანიზატორადაც კი გამომაცხადა.
მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ ჩემგან მხარდაჭერა მიიღო, საპატრიარქოში აღარ მიშვებენ. პატრიარქთან კომუნიკაციაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ წერილის გამოქვეყნება იქნება ყოველგვარი მორალის ფსკერი. ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი და არც წერილის შინაარსს განვიხილავ სადმე.

– 28 ოქტომბერს, გვიან საღამოს, თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ მცხეთაში მყოფ პატრიარქს თბილისიდან სტუმრები ჰყავდა და ისინი მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. რა სახის მოლაპარაკებებზეა საუბარი?

-28 ოქტომბერს შუადღით პატრიარქმა მოითხოვა პრესასთან შეხვედრა. იმის მაგივრად რომ პრესისთვის დაეძახათ, პატრიარქი თბილისს განარიდეს და მცხეთაში წაიყვანეს. ოღონდ იქ სვეტიცხოველთან ახლოს მდებარე რეზიდენციაში არ მიუყვანიათ. ის მოშორებით, ჯვრის მონასტერში მიიყვანეს. ილია მეორე მოაშორეს, როგორც ჟურნალისტების, ასევე მოქალაქეების თვალს. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მასთან მიდიოდა გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები. ეს ინფორმაცია მთავარი არხის მიერ მოპოვებულმა კადრებმაც დაადასტურა. მთავარი არხის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ მიდიოდნენ მასთან სამთავრობო ესკორტები.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას გადადგომას სთხოვდნენ. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა -არის მეუფე შიო, რომელიც ილარიონ ალფეევის მოთხოვნის შემდეგ პატრიარქმა თავის მოსაყდრედ დანიშნა. იყო მოლოდინები და ფონიც მოამზადეს იმისთვის, რომ პატრიარქი გადამდგარიყო. მის გადადგომას გასული წლის დეკემბერში ელოდნენ. ასეთ შემთხვევაში მეუფე შიო იქნებოდა პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატი. პატრიარქი არ გადადგა. ახლა რუსეთმა პატრიარქობის ახალი კანდიდატი შეარჩია, ეს გახლავთ მეუფე ანდრია გვაზავა. რაც შეიძლება იყოს მხოლოდ შირმა და კანდიდატი კვლავ შეიცვალოს.
აქ ისმის ერთი მთავარი კითხვა – რატომ ჩქარობენ ასე რუსები. რატომ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე აიყვანონ ტახტზე საკუთარი კანდიდატურა. რას არ უსრულებს ილია მეორე მოსკოვს, რომ ასე ძალიან უნდათ მისი შეცვლა. ჩემი ვარაუდით, ეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას უკავშირდება. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს აფხაზეთის აღიარების საკითხსაც.

– შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ რას გულისხმობთ და რა შუაშია აფხაზეთის აღიარებასთან პატრიარქი ილია მეორე?

– ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები იმაზე, რომ ნატოზე და ანაკლიის პორტზე უარის სანაცვლოდ შეიძლება მოგვცენ უფლება აფხაზეთის „ქვედა ზონაში“ ჩვენი დევნილები დავაბრუნოთ. რის სანაცვლოდაც ოფიციალური თბილისი აფხაზეთის აღიარებას დათანხმდება. ვფიქრობ, რომ ილია მეორე ამაზე თანახმა არ იქნება და მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებას ხელს არასდროს მოაწერს. შეიძლება სწორედ ეს არის იმ პროცესების მიზეზი, რასაც დღეს საპატრიარქოში ვხედავთ.

– მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით რას გვეტყვით. მან რამდენიმე განცხადება გააკეთა და ყველა ერთმანეთზე სკანდალურია.

– მან ეკა კვესიტაძესთან საუბარში თქვა, რომ გიორგი გახარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით აშანტაჟებდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძობიარე თემა. ერთის მხრივ მეუფემ აღიარა, რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი გაკეთებული, რითიც მისი დაშანტაჟება შეიძლება, მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როდის არის ეს გადაღებული, წინა ხელისუფლების დროს, თუ ახლა.
ასევე უნდა გავარკვიოთ, თუ სად და რა ვითარებაში აშანტაჟებდა გიორგი გახარია მეუფე იაკობს. მეუფე იაკობი ძალიან დაახლოებული იყო „ოცნების“ ხელისუფლებასთან. ის ახლობლობდა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. ფაქტიურად ის საპატრიარქოს და ხელისუფლებას შორის შუამავალი იყო.
სურათი მას შემდეგ შეიცვალა, რაც შს მინისტრის პოსტზე გახარიამ გიორგი მღებრიშვილი შეცვალა. მე რაც ინფორმაცია მაქვს, მას გახარიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. შანტაჟის ფორმაზეც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. მინისტრები შანტაჟის ობიექტებს თავად არ აშანტაჟებენ. ამისთვის მათ გარკვეული კონტიგენტი ჰყავთ, რომელიც ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს.
მეუფე იაკობთან სერიოზული კითხვები მაქვს და ასევე მაქვს ლეგიტიმური უფლება არ დავუჯერო მის განცხადებებს. თუნდაც იმ განცხადებებს, რაც მან კვირიკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა. სახელმწიფო კანცელარიაში ასეთი შეხვედრები არ ტარდება. ამის გარდა, მეუფე იაკობმა რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა. თავიდან თქვა, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდა, მერე თქვა, რომ არ ესწრებოდა. შეხვედრის თარიღს როცა ასახელებს, მაშინ გახარია შს მინისტრი არ იყო. ის ეკონომიკის მინისტრი იყო. ეკონომიკის მინისტრს თუ ჰქონდა საპატრიარქოს თემა ჩაბარებული სამართავად, ესეც უნდა ვიცოდეთ.
მეუფე იაკოაბის მიერ დასახლებული ადამიანები – გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური ერთმანეთს არ ენდობოდნენ. ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მათ ერთად გადაწყვიტეს პატრიარქის ჩამოშორება. ეს გეგმა რომ შეემუშავებინათ, ისინი ამას იაკობს არ გაანდობდნენ.

-რატომ არ გაანდობდნენ?

-ელემენტარულად არ ენდობიან მას. ეს ადამიანი არის არაპროგნოზირებადი. არავის არ შეუძლია იმის თქმა, თუ როდის რას იტყვის მეუფე იაკობი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის იყო ამ ჯგუფის საწინააღმდეგო ბანაკის მხარეს. გოგაშვილი სუსს ფაქტიურად უკვე ჩამოშორებული იყო, ღარიბაშვილი კი ხელისუფლებიდან იყო წასული. ეს ყველაფერი არც ლოგიკაში და არც მოქმედების ტაქტიკაში არ ჯდება. ვისურვებდი, რომ მეუფე იაკობი ბევრად უფრო მკაფიო ყოფილიყო თავის განცხადებებში და ბევრად უფრო ზუსტი ინფორმაციები მოეწოდებინა ჩვენთვის.
რაც შეეხება რამაზ ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე ფულს სთხოვდნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იყო. დაახლოებით ვხვდები, თუ სად შეხვდებოდა მამაცაშვილი ნიკოლაიშვილს. ეს იქნებოდა პიქსელის შენობა. ამ შენობაში ხვდებოდა მამაცაშვილი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს. მათგან გარკვეულ ინფორმაციებსაც იღებდა და თანხებსაც ითხოვდა. მე არ ვიცი გადაიხადა თუ არა ნიკოლაიშვილმა დასახელებული თანხა. სამაგიეროდ ერთი რამ მკაფიოდ ვიცი – ნიკოლეიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გადაპორტირდა „ევროპულ საქართველოსთან“.
მან მამაცაშვილს ჩააბარა სქემები, თუ როგორ კეთდებოდა ბიზნესები. მათ შორის ესაუბრა აზერბაიჯანის მიმართულებებზეც. შემდეგ ეს სფერო ჩაიბარა მამაცაშვილმა. იმისთვის, რომ 2016 წელს ნაციონალებს ის თავიანთ სიაში ჩაესვათ, მან პარტიაში 2 მილიონი მიიტანა. იმის გამო, რომ ის ჩაესვათ, სიიდან ქუთაისის ყოფილი მერი გია თედორაძე ამოიღეს. დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ამაზე გამოძიება დაიწყება და თადუმაძის უწყება მეუფე იაკობს დაკითხვაზე დაიბარებს.
სამაგიეროდ ცნობილი ხდება, რომ 31 ოქტომბერს გაიმართება სინოდის სხდომა. ჯერ არ ვიცით დღის წესრიგი. არ ვიცით რამე სხვა საკითხები იქნება განხილული თუ პატრიარქი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ან “ქართული ოცნება” შექმნის მთავრობას, ან საერთოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება
შემდეგი სტატიამამა ადრია სარია: მეუფე პეტრეს განკვეთის თემა დიდი ხანია შორენას ოცნებაა