ელისო ბოლქვაძე – სიძულვილისა და სიმწრისგან დაბრმავებულმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებს წესიერად დახურვაც არ აცადა

„ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს 2020 წლის დასაწყისში, უკვე ოპოზიციიდან გაკეთებულ მოსაზრებებს ახსენებს, როდესაც ის ამბობდა, რომ „ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის, ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, პარტიამ აირჩია და იმ პარტიამ შემდეგ, არჩევნებში გაიმარჯვა.

„არაფორმალური მმართველი შეიძლება, მაშინ გეწოდებინა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთარ პარტიაში არ იყო თავმჯდომარე. ახლა კი, როდესაც თავისი პარტიის თავმჯდომარეა, მას ეს ბერკეტი აქვს ხელში. აი, აქ იყავით 2020 წლის იანვარში, მოვიდა დეკემბერი და ხართ იქ, სადაც დანარჩენი ოპოზიცია, თავისი ბრალდებებით და ივანიშვილის ხელწერის კრიტიკით“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე თავის გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომლის ადრესატი ზვიად ძიძიგურია.

„ჯერ ისევ 2020 წელია. ალბათ ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რომლის პოლიტიზებასაც პირველი დღიდან ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ორმა მილიონმა ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა, რომელმაც დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ერთადერთმა შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება. სიძულვილისა და სიმწრისგან დაბრმავებულმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებს წესიერად დახურვაც არ აცადა და გაყალბებაზე ლაპარაკი დაიწყო. მთელი ოპოზიცია მართლაც გაერთიანებული ბრალდებებითა და შემართებით უტევს „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს.

მოდი, არ გავიხსენოთ გასული რვა წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ დროშის ქვეშ გაკეთებული თქვენი განცხადებები. გავიხსენოთ ამავე 2020 წლის დასაწყისში, უკვე ოპოზიციიდან ნათქვამი თქვენი მოსაზრებები:

„ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის“, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ის თვითონ პარტიამ აირჩია და იმ პარტიამ შემდეგ, არჩევნებში გაიმარჯვა. არაფორმალური მმართველი შეიძლება, მაშინ გეწოდებინა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთარ პარტიაში არ იყო თავმჯდომარე. ახლა კი, როდესაც თავისი პარტიის თავმჯდომარეა, მას ეს ბერკეტი აქვს ხელში“ თქვენივე თქმით, ქვეყანაში ორი პოლუსია – ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი.

„არის ასეთი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ასევე, განაცხადა, რომ იქ, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს.

„იქ, სადაც მეორე ტური იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდაც ასეა. უმრავლესობას და ხელისუფლებას მხარდამჭერი ვინც ჰყავს, პირველივე ტურში მიდის და აძლევს ხმას. შეკრების უფრო მეტი რესურსი ოპოზიციურ კანდიდატებს გააჩნიათ“ . აი აქ იყავით 2020 წლის იანვარში, მოვიდა დეკემბერი და ხართ იქ, სადაც დანარჩენი ოპოზიცია, თავისი ბრალდებებით და ივანიშვილის ხელწერის კრიტიკით“ – აღნიშნავს ბოლქვაძე თავის წერილში.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი: საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება იქნება ჟენევაში განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება
შემდეგი სტატიაბოლქვაძე: როცა საქართველოს უჭირდა, ბიძინა ივანიშვილი უწვდიდა დახმარების ხელს სახემწიფოს