ოპოზიცია პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ და კითხვებს უსვამენ. სხვა საკითხებთან ერთად ოპოზიციის კითხვები გელათს, კონკრეტულად კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას შეეხებოდა.
მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წულუკიანს ჰკითხა, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრომ გელათთან მიმართებაში “დააშავა”, კვლავ მინისტრობის პოსტს როგორ იკავებს.
“გელათთან მიმართებაში, ყველაფერში იყო ზუსტი და მართალი საპატრიარქო პირადად თქვენთან, იმიტომ, რომ პირადად თქვენთან ჰქონდა ძალიან ისეთი განცხადება. დააშავა თქვენმა უწყებამ, დავაქციეთ კინაღამ ეს უნიკალური ძეგლი და თქვენ ხელები დაიბანეთ და საპატრიარქოს გადააბრალეთ? და როგორ რჩებით მინისტრად ამ ყველაფრის მერე?
თუ საპატრიარქომ უნდა გამოასწოროს თქვენი დაშავებული და ძეგლთა დაცვაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე საპატრიარქომ თუ უნდა იზრუნოს, აბა თქვენ რისი მინისტრი ხართ, მარტო ხალხს რომ არბევთ კულტურის სხვადასხვა სფეროში?”, – თქვა ელისაშვილმა.
წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ ამ 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, სამინისტრო აღარ არის პასუხისმგებელი გელათის მონასტრის მდგომარეობაზე, შესაბამისად, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვითარება არის მონასტერში. მისივე თქმით, რასაც თავად არ აკეთებს, იმაზე პასუხს ვერ აგებს.
გარდა ამისა, წულუკიანი დაიმუქრა, რომ სასამართლოში უჩივლებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სამინისტროს გელათში “რაღაცის გაფუჭებაში” დასწამებს ცილს.