ელისაშვილი – წინადადებები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“, რაღაცებზე უკან დაიხია

„მოქალაქეების“ ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სურვილი რეალური რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არაფერი წინადადება არ ყოფილა შემოთავაზებული, გარდა ვადამდელი არჩევნების და პლებისციტისა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ელისაშვილი ამბობს, რომ მათ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით უკან დაიხიეს.

„შეთანხმების სურვილი რეალური რომ ყოფილიყო, შეთანხმება შედგებოდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აღარ არის სერიოზული, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. რეალობას გავუსწოროთ თვალი და მაინც რომ ამას ჯიუტად ითხოვ, თან როდესაც შეგიძლია გამოგლიჯო „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, შენ მაინც პლებისციტი და ვადამდელი დაგიჩემებია, ეს არის ჩვენთვის აუხსნელი. ჩვენი აზრით, ეს არის სახელმწიფოებრივად ძალიან არასწორი, როდესაც შეგიძლია ამ ქვეყნის პერსპექტივა წამოიღო. სასამართლო ჩვენ მარტო იმისთვის არ გვჭირდება, რომ სამართლიანობის განცდა იყოს, გვჭირდება იმისთვის, რომ გამდიდრდეს ქვეყანა. არც ერთი ინვესტორი აქ არ ჩადებს ფულს, ვიდრე სასამართლო არ იქნება სანდო. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ეს გამდიდრების საშუალებაც არის, ნორმალური ქვეყნის მშენებლობის საშუალება. ვადამდელი და პლებისციტი საერთოდ სისულელეა, პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ პლებისციტი არის არაფერი, წყალი. სად არის გარანტია, რომ პლებისციტს არ მოიგებს „ქართული ოცნება?“ შემდეგ რა რჩება ხელში ოპოზიციას? საერთოდ არაფერი და საერთოდ არაფერზე, საერთოდ არაფერზე მზად ვართ, რომ დავთმოთ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც.

განწყობა რომ ყოფილიყო შეთანხმებისთვის, შეთანხმება შედგებოდა. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ წინადადებები დადო მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის მხრიდან არაფერი წინადადება არ იყო, არაფერი, ან მაშინ დამისახელონ რაიმე წინადადება, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო, გარდა იმისა, რომ პლებისციტი, პლებისციტი, პლებისციტი, ან ვადამდელი. წინადადებები დადო „ქართულმა ოცნებამ“, რაღაცებზე უკან დაიხია, რაღაცებს ამბობდა, რომ უკან არ დაიხევდა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან წინადადებები არ ყოფილა, ძალიან კარგი იქნებოდა, ყოფილიყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაშსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო