ელისაშვილი – თორნიკე რიჟვაძეს ​ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს დაიდგამს, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი კორპუსის აშენება დაუშვებელია.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ბათუმში მიდის გაშმაგებული მშენებლობა, არის ქაოსი და განუკითხობა.

„ბათუმის გენგეგმა უკვე ღმერთმა უწყის, მერამდენე ჯერზე ჩავარდა. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება, მიდის და მიდის კოსმოსში კორპუსები. ვისაც რაც უნდა იმას აშენებს, სადაც უნდა იმას აშენებს, როგორც უნდა, ისე აშენებს და კაცი განმკითხავი არ არის. ბათუმში ყველამ ვიცით, რომ არის ბულვარი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული ძეგლის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აშენება არაფრის არ შეიძლება, არადა ცხრამეტსართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა, ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა, მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, კორპუსს დაიდგამს, ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე ცხრამეტამდე ავიდა. და ასე გეომეტრიული პროგრესიით ამ კორპუსის სართულიანობა იზრდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საკრებულო აბსოლუტურად ნომინალურია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო არჩილ, მსურს თქვენ გთხოვთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც, იქ ქუჩაში მდგომები, სამი თვეა, რომ აპროტესტებენ ამ მშენებლობას, ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ვინაიდან, ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუსმინოთ, გთხოვდით, ამ ადამიანებს, მათ წუხილებს, მათ პრობლემებს ნებისმიერ ფორმატში, ისინი არიან მზად, ჩამოვიდნენ, მოვიდნენ და მთელ საზოგადოებას გააცნონ, ვინაიდან ბათუმი, სადღაც გადაკარგულში ხომ არ არის არა? თითოეული ჩვენგანი წუხილია და ჯერ ისევ თითოეული ჩვენგანი სიამაყეა, ვიდრე ბოლომდე დაგვიკარგავს ამ ქაოტური და აღვირახსნილი მშენებლობებით. ამდენად გთხოვდით და გაგიმეოერებდით თხოვნას, რომ ნებისმიერ ფორმატში დავნიშნოთ შეხვედრა, ეს ადამიანები მზად არიან, ჩამოვიდნენ და საკუთარი არგუმენტები გააცნონ საზოგადოებას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი – შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის რისკი არსებობს
შემდეგი სტატიამანქანა ხრამში გადავარდა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი – წყალტუბოს გზაზე