სუს-ის ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს – გეგონება, „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერესო, – ასე აფასებს „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან სუს- ის ანგარიშს, რომელსაც დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.
ელისაშვილის თქმით, ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, პროფესიონალის ხელი ეტყობა, თუმცა, მთლიანობაში, ჩანს, რომ უადგილოდ იმეორებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნარატივს.
„სამაჩაბლოს და აფხაზეთს რაც შეეხება, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ანგარიშია და ანალიზიც მეტ ნაკლებად სწორია და ზუსტი. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ეს ანგარიში რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშია, გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერესო. აქ ზუსტი სახელმწიფოებრივი ხედვა კი არ არის, არამედ არის ზოგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ნარატივის გამეორება და „ჩაკვეხება“ უადგილოდ, რომ როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ან ვიღაცას არ აწყენინონ, რატომ აკეთებენ ამას, ვის მოსწონს ეს? „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს“, – განაცხადა ელისაშვილმა.