ელისაშვილი – პარტიების დაფინანსების კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ

პარტიების დაფინანსების კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ, ეს პოლიტიკურ ველს პასუხისმგებლიანს გახდის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ ველზე ცუდი ტენდენციაა დამკვიდრებული, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას ერთმანეთის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები არ მოსწონთ, მიუხედავად შინაარსისა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, იმის მიუხედავად, ვინ დააინიცირებდა.

„არ მომწონს ფარისევლობა და ის წესები, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რომ ვინაიდან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ არაფერი არ უნდა მოგწონდეს, რასაც მმართველი პარტია გამოიტანს და პირიქით. ზოგ შემთხვევაში, იძულებული ხარ, რაღაცაზე, რასაც შინაგანად ეთანხმები, ფარისევლურად თქვა, რომ არ მოგწონს, რადგან დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. პარტიების დაფინანსების კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ. იმის პრევენციისთვის არის, რომ მომავალში აღიკვეთოს ნებისმიერი პარტიის მიერ ხალხის ფულის ფლანგვა და მუქთახორობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გამოეტანა ეს საკითხი, მხარს დავუჭერდი, ნებისმიერს რომ გამოეტანა, დავუჭერდი მხარს. რა ვქნათ, „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა და რადგან ოპოზიციაში ვარ არ დავუჭირო მხარი? ნურავინ მასწავლის დემოკრატიისთვის ბრძოლას, ნურც „ნაციონალური მოძრაობა“, ნურც „ქართული ოცნება“. ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, პირიქით, ეს პასუხისმგებლიანს გახდის პოლიტიკურ ველს, ამის მჯერა. აი, ეგეთი უცნაური პარტია ვართ, რისიც გვჯერა, ყოველთვის მხარს დავუჭერთ და არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ გამოიტანს, ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა.

ვისურვებ და ტენდენცია მიდის ისეთი, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ მსგავსი მუქთახორა პარტიები სულ უფრო კარგავენ მხარდაჭერას. მე ვიყავი შეურაცხყოფილი, როცა წლების წინ გავიგე, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ თითქოსდა მანდატები დახია და აღმოჩნდა, რომ მერე წლების განმავლობაში პარლამენტში ხელფასს იღებდნენ ისე, რომ არ დადიოდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა