ელისაშვილი: ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური

მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ორი თვეა, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ის დაზარალებულად არ უცნია. მისივე თქმით, დაკითხული და დაკავებულიც არავინაა.

“მხოლოდ ამ კადრების გავრცელების გამო, იძულებული გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სახელი კი აქვს რიხიანი და სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია, ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას. არც ბრალი წარუდგენიათ, დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინაა, ხომ ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური”, – ამბობს ელისაშვილი

17 აპრილის აქციაზე ალეკო ელისაშვილის ცემის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა 18 აპრილს დაიწყო. მოკვლევა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს, რის შემდეგაც დეპუტატი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ელისაშვილი 17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს. დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა ჰქონდა – დაზიანებები აღენიშნებოდა სახეზეც.

“უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი”, – ამბობდა ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიამთავრობა: NATO-ში ელჩის პოზიციაზე ბურჭულაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან არაა გაგზავნილი