ელისაშვილი – ჩემთვის გაუგებარია მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკოელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ განაცხადა ნიკა მელიამ უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონი დარეგისტრორდება, თუმცა მის მიღებას დრო სჭირდება.

„გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. უბრალოდ არ მესმის. კი ბატონო, პრინციპულობა გამოავლინა, პირადად არ იხდიდა და არ უნდოდა სხვას გადაეხადა, მაგრამ ევროკავშირი არის მზად, რომ გადაიხადოს გირაო. ამით არავის ღირსება არ შეილახება. ამაზე ხელის აკვრა პირადად ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. უარს ამბობს? მაშინ დარეგისტრირდება ამნისტიის შესახებ კანონი, მაგრამ ეს დროში გაიწელება. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ის 72 საათში იქნებოდა თავისუფალი. ხოლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაინიცირების შემთხვევაში, დაახლოებით ერთ თვეში. დაჩქარებული წესით იქნება განხილვა, მაგრამ დაჩქარებასაც ვადა აქვს. ერთ დღეში და ორ დღეში ამნისტიის შესახებ კანონს ვერ მივიღებთ. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ევროკავშირისთვის ამ ინიციატივაზე ასე ხელის აკვრა და ამ კეთილ ნებაზე და ეფექტურ გამოსავალზე უარის თქმა.

კანონპროექტი ჯერ არც არსებობს და ზოგადი საუბარი მისაღებია, მიუღებელია, პოლიციელებზე გავრცელდება არ გავრცელება, უნდა ვნახოთ და კარგად ავწონ- დავწონოთ, რა არის მისაღები და რა – მიუღებელი. თუმცა ზოგადად, ამნისტიის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ ხოლმე. ვნახოთ, ჯერ რა ეწერება. იქ შეიძლება იყოს რაღაც მიუღებელი, რასაც ხმამაღლა გავაპროტესტებთ. გააჩნია, ვისზე გავრცელდება და ვისზე ეცდებიან, გაავრცელონ. სამშაბათს ჩავხედავ, ზუსტად ვნახავ რა არის და გეტყვით.

შეთანხმებაში რაც წერია, ის გზებია მხოლოდ და მხოლოდ. ამნისტია ყველაზე გავრცელდება. ვიღაცას თუ მაინც და მაინც ციხიდან გამოსვლა არ უნდა, მისი არჩევანა. ვერავინ ვერავის ვერ შეზღუდავს.

ამნისტია, რომ არ დაგვჭირდეს, დასტური მისცეს ევროკავშირს ნიკა მელიამ, რომ გირაო გადაუხადონ. რა არის ამაში ღირსების ამრევი, ვერ ვხვდები. ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ და დაწყნარებისკენ. ძლივს შევთანხმდით, 6 თვეა ვლანძღავთ, ვაგინებთ ერთმანეთს და ეს ქვეყანა გაღატაკდა. ძლივს მინელდა ეს ცეცხლი და ხანძარი. ნუ ვართ მიდრეკილები იმისკენ, რომ კიდევ ნავთი ვასხათ იმას და შევქმნათ აჟიოტაჟი, იმისგან, რაც აჟიოტაჟს არ იმსახურებს. თუ გვინდა ქვეყანა დავამშვიდოთ, ყველამ უნდა მოვინდომოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება კვოტების გადანაწილების საკითხს, ელისაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი თანამდებობა არ ხიბლავს და შესაბამისად, არც ამბიცია აქვს.

ელისაშვილის თქმით, ნებისმიერი თანამდებობა მისთის პასუხისმგებლობით იზომება.

„პირადად მე არანაირი ამბიცია არაფერზე არ მაქვს. ვარ და ვიქნები რიგითი დეპუტატი. არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს. საქმე თავზე საყრელი მაქვს. ეს პრაქტიკა და პრეცედენტი კარგია, ამასაც არ მინდა, ხალხმა შეხედოს ისე, რომ არიქა, ვიღაც დახარბდა. ვიღაცას შეიძლება ძალიან უხარია ოპოზიციაში, რომ თანამდებობას დაიკავებს, მაგრამ თანამდებობა ჩემთვის პასუხისმგებლობით იზომება. ეს კულტურა, რომ შემოდის, ოპოზიციას უნდა დაუთმო გარკვეული თანამდებობა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა, ძალაუფლება გადაუნაწილო, ეს ძალიან კარგია, თუ გინდა ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ. ამას ისე ნუ უყურებთ, იმას დახარბდნენ, ამას დახარბდნენ. კარგია, რომ მეტი პასუხისმგებლობა იტვირთოს ოპოზიციამ და ძალაუფლების გადანაწილება მოხდეს. ეს არ გვაწუხებდა მთელი ამ ათწლეულების მანძილზე, ყოველთვის მხოლოდ ერთ პარტიას ჰქონდა ძალაუფლება. ამ კულტურის გამომუშავებაში გვეხმარებიან, ამას რა სჯობს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამარტვილში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს