“ელისაშვილი არც “ლელოს” წევრია და არც “ალდესი” – როგორ უპასუხა პაპუაშვილს “ლელომ?!”

“ლელო – ძლიერი საქართველო” შალვა პაპუაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი მათი თანამებრძოლია. პარტიის განცხადებით ისინი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არასდროს გარიცხავენ, “თუნდაც იმიტომ, რომ ელისაშვილი არც “ლელოს” წევრია და არც ALDE-სი”.

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა – მისი მტკიცებით, “ახლა არის მარტივი კითხვა – როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?”

პარტიის პასუხს, “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“კობახიძე-პაპუაშვილის რეჟიმს, რომელიც უკვე საერთაშორისო საგამოძიებო პლატფორმების მიერ არის ეჭვმიტანილი ტერორისტებად, პასუხები არ აქვთ, სამაგიეროდ კითხვები ჰქონიათ იმასთან მიმართებით თუ “ლელო” და ALDE როდის გარიცხავს ელისაშვილს? არასდროს, ბატონებო. თუნდაც იმიტომ, რომ ელისაშვილი არც “ლელოს” წევრია და არც ალდესი. თქვენგან განსხვავებით, ფასადური კოლეგა პარტიები და ყალბი სათამაშო პრეზიდენტები რომ გყავთ, ჩვენ შინაარსის ხალხი ვართ. ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, ოღონდ სხვა პოლიტიკური სუბიექტის თავმჯდომარე, რომელსაც ერთხელაც არ ჰქონია შეხება ALDE-სთან არცერთი ფორმით.

შესაბამისად, შინაარსისგან დაცლილი ეს არასერიოზული კითხვა, რომელსაც რუსული რეჟიმის ორი პირველი პირი მეორე დღეა განმეორებით სვამს, ამოწურულია.

სამაგიეროდ, დგას სერიოზული კითხვა მშვიდობიანი ქართველი ხალხის მასობრივად დაწამვლასთან დაკავშირებით. რეჟიმს მოუწევს პასუხი აგოს ნამდვილ და მასობრივ ტერორისტულ აქტზე საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისტივ უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა
შემდეგი სტატიარისთვის ასამართლებს რუსეთის პროკურატურა გიორგი ბარამიძეს?!