ელისაშვილი: ახლა დროა პოზიციების დაახლოების და ვინც ცაში იყო, მიწაზე დაეშვას

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი პარტიის რადიკალიზმი ხელმოცარულობით არის გამოწვეული, ვინაიდან არჩევნებზე სათანადო მანდატები ვერ მიიღეს.

„ზოგიერთი პარტიის რადიკალიზმი იმითაა გამოწვეული, რომ ხელმოცარულები არიან, პარლამენტში ვერ მოხვდნენ ან სათანადო მანდატები ვერ მიიღეს, ამიტომ არიან გამწარებულები, გარადიკალებულები. ვინმე მათგან განსხვავებულ აზრს თუ იტყვის, ლამის, ყელი გამოჭრან. ვნახეთ, რომ ლამის ერთი თვის განმავლობაში ჩვენი პარტია „მოქალაქეები“ ვიყავით თავდასხმის ობიექტი, მაგრამ ჩვენ გვწამს და გვჯერა იმის, რასაც ვამბობთ. ამიტომ საერთოდ არ მივაქციეთ ყურადღება ამ თავდასხმებს. ახლა თავდასხმის ობიექტი გახდა „ლელო“, რადგან „ლელოც“ ამბობს სწორ რამეს, რომ შეთანხმება საჭიროა, მათთვის რიგგარეშე არჩევნები პროპორციული წესით 2022 წელს იქნებოდა მისაღები. რა არის ამაში გასაკვირი, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთხოვნაა. რადიკალები თავს დაესხნენ სწორედ იმის გამო, რომ რევოლუციის გარდა, ვინმე რამეს თუ ფიქრობს და ამბობს, ის ხდება თავდასხმის ობიექტი.

მათ რევოლუციის გარდა სხვა არანაირი გეგმა, სტრატეგია არ აქვთ. რევოლუციის მოლოდინიც ძალიან ეფემერულია, ან იქნება, ან არ იქნება ეს მღელვარება. ან შეძლებ, ან ვერ შეძლებ. ჩვენ წინააღმდეგებიც ვართ, რომ რევოლუცით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ვიღაცას ეს გულით უნდა, თუმცა არც ამის გეგმა და ხედვა არ არის. ეს არის უბრალოდ არასერიოზული სადღეგრძელო, რომელსაც ძალიან გამოცდილი პილიტიკოსები ამბობენ, ესაა აღმაშფოთებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაწულუკიანი: მგონი, ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს