ელიკო წიკლაური-ლამიხი:“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამდენად, ვალდებულია, გააკონტროლოს ნარკოტიკები“

მარქს პლანკის ინსტიტუტის პროფესორი, ელიკო წიკლაური-ლამიხი ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული თემა ძალიან მრავალასპექტიანია, მასში ჩართულია როგორც ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, ჯანდაცვის, ასევე, რელიგიური ასპექტები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გაეწიოს ანგარიში.

პროფესორმა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა: „კლუბური ნარკოტიკი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელია, რადგან მას ჰყავს ისეთი ფართო მომხმარებელი, და ესენი არიან გარკვეული ასაკის მოქალაქეები, რომლებიც, თავისი ფსიქოლოგიური და ასაკობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ფიქრობენ მავნე შედეგებზე. ესენი არიან, დაახლოებით, 14-25 წლის ახალგაზრდები. ისინი არასოდეს არ ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ეს გარკვეული ასაკობრივი თავისებურებაა. ამიტომ, კლუბური ნარკოტიკი ძალიან რთული გასაკონტროლებელია. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამდენად, ვალდებულია, გააკონტროლოს ნარკოტიკები. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა უფლება“.

დეკრიმინალიზაციის შესახებ საუბრისას, ელიკო წიკლაური-ლამიხმა ხაზი გაუსვა, რომ დეკრიმინალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სამართლებრივი სფეროდან გასვლას.

“პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, რომ დეკრიმინალიზაცია სამართლებრივი სფეროდან გასვლას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროდან გასვლას. როდესაც მოხმარებაზე ვსაუბრობთ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროდან გამოსული ქმედება შეიძლება, ადმინისტრაციული წესით, საკმაოდ მკაცრად დაისაჯოს. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს უკანონობას და აბსოლუტურ თავისუფლებას“, – განაცხადა პროფესორმა.

banner
წინა სტატიაშივარდების მოედანს სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქმევა
შემდეგი სტატიარატომ მოუწია კოსტავას ქუჩაზე განთავსებული 3 ობიექტის თანამშრომლებს შლაგბაუნით თავისუფალი სარგებლობისთვის 60 ლარის გადახდა?