ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დავალებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეასრულა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებდა.

„ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოეწესრიგებინა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა – ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი. შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და ასევე, მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანები ტროტუარის ნაცვლად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდიოდნენ და ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება და ავარიებიც ხდებოდა. ჩემი დავალების შედეგად, ყველა ეს ტერიტორია მოწესრიგდა. დღეს, ტროტუარები არის აბსოლუტურად გასუფთავებული. გვაქვს შესაბამისი ფოტომასალაც, თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ქუჩებზე და ახლა როგორ გამოიყურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თბილისის სხვა უბნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს, იგივე ღონისძიებები გატარდეს.

„მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ზედამხედველობის სამსახურს კოორდინაცია გაუწიოს, რომ სხვა რაიონებშიც, სადაც ასეთი ადგილები გვაქვს, იგივე ღონისძიებები გატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ეს იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნის. სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე საშენი მასალები იყოს გამოტანილი და ღიად ეყაროს?! ამიტომაც, მინდა მსგავსი სამუშაოები ყველა რაიონში გაატაროთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძემ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსაც ალექსანდრე ტოგონიძე წარადგინა
შემდეგი სტატიატაქსით მომსახურების ნებართვის აღება 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი