ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2020 11:53

ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება

ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიას ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან კომუნიკაცია ჰქონდა, რომლის შედეგადაც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეისთვის არსებული ფორმით ბაზრობის ფუნქციონირება, მიუღებელია.

„ყველასთვის ცნობილია ელიავას ბაზრობის უსისტემო განვითარებით გამოწვეული პრობლემები. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ მოვიქცეთ და რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს. არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავეებისთვის, ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად სხვადასხვა ნივთის საყიდლად დადის. ჩვენ მეპატრონეებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა – წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარება. იყო საუბარი მის გადატანაზე ქალაქის სხვა ნაწილში. აღნიშნული მუშაობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება: პირველი, რომ იმ ფორმით დატოვება, როგორც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობას სავაჭრო ზონის სტატუსი შენარჩუნებული აქვს, შესაბამისად, ტერიტორიის გაჯანსაღება მოხდება. ასევე, ბაზრობაზე დასაქმებულ ათასობით ადამიანს ხელი არ შეეშლება და არც საქმიანობა შეეზღუდება.

„ქალაქის განვითარების პარალელურად, სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება, პრინციპულად მიუღებელია, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია, როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის. ერთი წლის წინ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ამ კონკრეტულ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი და შესაბამისად, გვინდა, რომ გენგეგმის ფარგლებში მოხდეს სიტუაციის გაჯანსაღება, გამოსწორდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც გარშემო მცხოვრებ ადამიანებსაც ძალიან აწუხებთ.

განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა გააკეთოს ჩვენმა ურბანულმა სამსახურმა. მასში დეტალურად იქნება გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება. აქ დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი და იმისთვის, რომ არ მოხდეს თემით სპეკულირება და მისი ბოროტად გამოყენება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ხელს არავის ვუშლით და არც საქმიანობას ვუზღუდავთ. გეგმის დამტკიცების შემდეგ, ტერიტორიის გაჯანსაღება ეტაპობრივად მოხდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 5, 2020 11:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics