ელენე ნიჟარაძე: თავის დროზე, რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რასაც ის არჩევნების შემდეგ დაუღალავად ლაპარაკობდა. ნიჟარაძე Facebook პოსტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველაზე ცუდ არჩევნებს უწოდებს წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღითა და საჩივრების განხილვის პროცესით.

“ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რასაც არჩევნების შემდგომ დაუღალავად ვლაპარაკობდი შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემები და ამის არასათანადოდ შესწავლა იყო ამ არჩევნების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ეს არის, რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ხელისუფლებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას. თავის დროზე, რომ მომხდარიყო ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებას ვთავაზობდით, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა.

ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაც მანამდე ბევრჯერ ვთქვი. ჩემი არჩევნებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს არჩევნები ნამდვილად იყო ყველაზე ცუდი არჩევნები თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, არჩევნების დღით და შემდგომ პერიოდში საჩივრების განხილვის პროცესით. ამან გამოიწვია სწორედ ის მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელში ცხოვრებაც გვიწევს.

იმედია ამით დამთავრდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე მმართველი პარტიის თავდასხმები, რომელიც რეალური პრობლემების გადაფარვას ემსახურება მხოლოდ და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ”. – წერს ნიჟარაძე.

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების თანახმად, შემაჯამებელი ოქმების 8%-ში იყო მეტობა. შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: „მოვუწოდებ დანარჩენ ოპოზიციას, ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მოუწევთ ახსნა, რის გამო არ უერთდებიან რადგან პრაქტიკულად მათ უკვე არგუმენტები აღარ რჩებათ“
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ელისაშვილ-თალაკვაძის მემორანდუმზე