თბილისის საქალაქო სასამართლოსი, დღეს, ელენე ხოშტარიას პროცესი გაიმართა – კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი სასამართლო სხდომას ისევ არ დასწრებია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე აფსურდულად მიაჩნია.
დღევანდელ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ როდესაც ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს “რუსული ოცნება” მიაწერა, ის მომხდარს სახლში “TV პირველის” ეთერით ადევნებდა თვალს, რის შემდეგაც ოქმის შედგენა გადაწყვიტა.
მთავარი კითხვა რაც არსებობს ვიცი, ეს არის კითხვა, რატომ არ ირებს მონაწილეობას დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევაში, პასუხი არის მარტივი – ელენე ხოშტარიას პოზიციით ვხელმძღვანელობ პირველ რიგში და მისი მითითებაა, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში და არ ვისარგებლოთ დაცვის მხარის უფლებებით.
ელენე ხოშტარიას ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,” – ამბობს ადვოკატი, ელენე მაღლაკელიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















