ელენე ხოშტარია – “ქართული ოცნება” არის აბსოლუტურად ისტერიულ, აგონიურ მდგომარეობაში

პარტია „დროას“ დამფუძნებლმ, ელენე ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე წინასააარჩევნო გარემოსა და საერთაშორისო შეფასებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” არის აბსოლუტურად ისტერიულ, აგონიურ მდგომარეობაში.

“კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა 2 ოქტომბრის რეფერენდუმამდე. დღემდე, რომელიც იქნება გარდაუვალი ცვლილებების დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. დღემდე, როდესაც, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ გვეყოლება კოალიციური, დაბალანსებული ძალაუფლების მმართველობა, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული ხალხთან და მხოლოდ ხალხთან. რომელიც მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებებს აბსოლუტურად ყველა სფეროში, დაწყებული ეკონომიკიდან დამთავრებული კრიმინალთან ბრძოლით და ა.შ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, “ქართული ოცნება” არის აბსოლუტურად ისტერიულ, აგონიურ მდგომარეობაში. ყველაზე კარგად დღეს “ქართულმა ოცნებამ” თავად იცის, რომ ისინი ამ არჩევნებში არიან დამარცხებულები. ამ მარცხის გამო და ოპოზიციის გამარჯვების გარდაუვალობის გამო, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ გახდეს კიდევ უფრო აგრესიული და, პირდაპირ ვთქვათ, დაერიოს ხალხს. მათ გადაწყვიტეს, რომ გარდაუვალ წაგებაზე მათი რეაქცია, უკვე ნაცადი ხერხი, ძალადობა იყოს.
დღეს საქართველოში ოპოზიცია არის გამარჯვებული და საზოგადოება, პირველ რიგში, აძლევს ხმას ცვლილებებს. ამიტომ, “ქართულ ოცნებას” აქვს არჩევანი – ან ეს დარჩენილი პერიოდი და ცვლილებები გაფორმდეს მშვიდობიანად, რაც პირველ რიგში შედის ქვეყნის ინტერესებში და ზოგადად, არ არსებობს ერთი ჩამოვარდნილი თმის ღერიც კი, რომელიც ღირს ვინმეს სკამად. არ არსებობს რაიმე თანამდებობა ან ძალაუფლება, რომელიც ღირდეს შელახულ ჯანმრთელობად. ამიტომ, “ქართულ ოცნებას” აქვს არჩევანი, გარდა იმისა, რომ არ დააზიანოს ქვეყანა, ასევე არ დაიზიანოს თავი. მათ, აქვთ შანსი, ახლა მაინც მოიქცნენ ისე, რომ მშვიდობიანად და, მე ვისურვებდი, ღირსეულად, წავიდნენ ხელისუფლებიდან და ნუ დააზიანებენ ქვეყანას, რასაც ეს ბოლო პერიოდია აქტიურად აკეთებენ.
ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მკაფიო, მე ვიტყოდი საგანგაშო განცხადება. ამერიკის საელჩომ პირდაპირ ისაუბრა, რომ ამ ძალადობაში, რა თქმა უნდა, იკითხება პოლიტიკური მოტივი და ასეთი არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი. ეს იყო სერიოზული გაფრთხილება „ქართული ოცნების“ მიმართ.
ასევე ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ძალიან ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ საქართველოს ტრაექტორია შეცვალოს და ამაზე პასუხს ისინი მიიღებენ 2 ოქტომბერს. კიდევ ერთხელ ვურჩევ „ქართულ ოცნებას“ ნუ აზიანებენ ამ დარჩენილ დროში საქართველოს ინტერესებს, ნუ აზიანებენ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და მშვიდობიანად მოემზადონ ხელისუფლებიდან წასვლისთვის.” -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა გააღატაკა, გააღარიბა, ინვესტორები გაყარა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო გარემოს შეეხო, შარლ მიშელის დოკუმენტი და ჩანაწერების საკითხი არ განხილულა