ელენე ხოშტარია : ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია დიდი პრობლემაა

ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია დიდი პრობლემაა, – ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, სადაც პოლიციის დეცენტრალიზებას განიხილავენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს პოლიცია პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, მათ აქტივისტების დევნასაც ავალებენ.

„დღეს გვაქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან, კონკრეტულ საკითხზე, რომელზეც ბევრი არის სამსჯელო, ეს არის სამართალდამცავი სისტემის დეპოლიტიზაცია და დეცენტრალიზაციის საკითხი. ფაქტია, რომ ჩვენს სახელმწიფოში, პრაქტიკულად, ყველა ხელისუფლების პირობებში, პოლიციის პოლიტიზაცია დიდი პრობლემაა. დაწყებული იმით, რომ პოლიციელებს ავალებენ სდიონ აქტივისტებს, გაგრძელებული იმით, რომ სერიოზულ სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ ვადგენთ სიმართლეს. არ და ვერ იძიებენ საქმეებს, სამწუხაროდ, პოლიციელები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. ჩვენ გვინდა დეპოლიტიზაციის ინსტიტუციური გარანტიები შევქმნათ. ამის რამდენიმე გზა არსებობს: პირველი, ეს არის შსს-ს ფუნქციური დაყოფა სხვადასხვა ერთეულად, რაც ამ მონსტრს დაშლის. მეორე, დეცენტრალიზაცია და არჩევითობის ელემენტების შემოტანა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ინიციატივით, არჩევნებში განარჯვების შემდეგ, სამართალდამცავი სისტემის სრული დეცენტრალიზაცია მოხდება, ხალხი საკუთარი რაიონის შერიფს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით აირჩევს.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდიამ ერთ-ერთი დაკავებული ამოიცნო
შემდეგი სტატიაNDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის