პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტს ეხმაურება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის მოგვარებას კი არ ემსახურება, არამედ მოსალოდნელი ესკალაციისთვის ნიადაგის მომზადებას წარმოადგენს.
„პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება.
ნათელია, რომ მათ ორი ამოცანა აქვთ: ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა დაჰბრალდეს ევროკავშირს და ხალხისგან, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისგან არ მიიღონ პროტესტი.
აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მერე ჩამოვიდნენ და თქვან, აი, ყველაფერი გავაკეთეთ. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ მათ იციან, ევროკავშირიდან ამ შემოდგომაზე იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვება.
ამიტომ, ესეც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ცუდ დღეში ყოფნის მაჩვენებელია და, მეორე მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ, საზოგადოება, არ მოვექცეთ მათი მანიპულაციის და ხრიკების გავლენის ქვეშ და ვიყოთ მზად ამ ესკალაციის ეტაპისთვის. ვიყოთ მზად, როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებებისთვის, ასევე „ოცნების“ პროპაგანდისტული, ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებისთვის და შესაძლოა, რეპრესიების გამკაცრებისთვისაც.
მზადყოფნა ნიშნავს, წინასწარ, ყველა საპროტესტო ჯგუფის კომუნიკაციას გარკვეული სცენარების განსახილველად. კომუნიკაცია, როგორც ოპოზიციურ, ისე აქტივისტურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. აუცილებელია სხვადასხვა ვარიანტის განხილვა და ქმედებების დაგეგმვა.
ამ შემოდგომას დიდი ანტი-რუსული აქცია არის გარდაუვალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთისთვის საჩვენებლად“,- წერს ხოშტარია.








