პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ასეთი მხარდაჭერისთვის. მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს – რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ასე შეწუხდით,- ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში.
,,დღეს სამინისტროსთან რომ იყო შეკრება, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე დავინახე. მთლად დავიწვი სირცხვილით. ძალიან მერიდება, რომ ადამიანები ელემენტარულ საკითხზე ასე წუხდებიან. მინდა, გითხრათ და ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე “ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, პატარა ზარქუათი დამთავრებული, მსხვერპლის როლში დამინახავს.
ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი – ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან – აუტანელია ის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება და სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს და ეს უნდა გამოვასწოროთ. მართლა ძალიან მძიმეა, როცა ყველაფერი გაუფასურებულია.
მეორე მხრიდან შეხედეთ, რის კეთება უწევთ, რომ სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალონ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით. ჩემზე არ იდარდოთ საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ – რაც უნდა ის გადაწყვიტონ, აბსოლუტურად ვერაფერს ვერ დამაკლებენ”,- ამბობს ელენე ხოშტარია.
ამ წუთებში პენიტენციურ სამსახურში ხოშტარიას მკურნალი ექიმი მაკა იოსელიანი და ექიმი ანი ქავთარაძე ელენე ხოშტარიას საკითხზე პენიტენციურის ხელმძღვანელს ხვდებიან. უწყების შენობასთან მისი მომხრეები არიან შეკრებილები და ისინი ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, გადაიყვანენ თუ არა კლინიკაში პოლიტიკოსს ნაკლების ჩვენება.

















