„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანის ფაქტს ეხმაურება და პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს.
ხოშტარიას შეფასებით, მომხდარი არ ყოფილა ჰუმანიტარული აქტი და იგი პირდაპირ რუსეთის დავალების შესრულებასა და საქართველოს ინტერესების დაზიანებას ემსახურება.
„ეს არ იყო არანაირი ჰუმანიტარული აქტი — თავად კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო ვაჭრობის აქტი. ეს ‘სავაჭრო აქტი’ იყო ცალსახა ქვეყნის ღალატი, პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულება ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გათელვის ხარჯზე. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული ‘ქართულ ოცნებასთან’ ერთად“, — წერს ხოშტარია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება უსაფრთხოების სამსახურების მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და ათასობით ტონა საწვავის გადაზიდვა ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირი შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
წერილის ბოლოს ელენე ხოშტარია შემოდგომაზე მასშტაბური პროტესტის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას:
„ვფიქრობ, მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ანახონ პუტინს, ივანიშვილს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას და რეჟიმთან ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს“, — აღნიშნავს ელენე ხოშტარია.















