ელდარ (ლუკა) კურტანიძესა და ყოფილ მეუღლეებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალი დავა მიმდინარეობს.
ტვ პირველის ინფორმაციით, ირკვევა, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი ორი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ იბრძვის და მათგან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების დათმობას ითხოვს. კერძოდ, საუბარია ბორჯომში არსებულ მიწაზე, ქობულეთის სახლზე და წყნეთში სააგარაკე ფართზე.
დღეს, სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე დავით აკობიძემ მხარეებს სასამართლოს გარეთ მორიგება შესთავაზა, რაზეც ორივე მხარე და მათი ადვოკატები ნაწილობრივ დათანხმდნენ. მხარეები 27 მაისამდე უნდა შეთანხმდნენ.
ელდარ (ლუკა) კურტანიძე “პირველებთან ამბობს, რომ მის ყოფილ მეუღლეებს “ძალიან დიდი მადა გაუჩნდათ”. მისივე თქმით, “ველაზე დიდი მოსამართლე არის მამა-ღმერთი, ასე რომ ყველა თავისას მიიღებს”.
ადამიანს, რომელსაც ძალიან ვენდე, ძალიან დიდი მადა გაუჩნდა და ამას ვერ (?)… ჩაიხედეთ რა საქმეში და მიხვდებით რაზეა საუბარი. არავითარი შურისძიება, ყველაზე დიდი მოსამართლე არის მამა-ღმერთი, ყველას ხედავს, რასაც თქვენ ვერ ხედავთ და რასაც მე ვერ ვხედავ, იმას ხედავს ღმერთი. ასე რომ ყველა თავისას მიიღებს.
მე ჩემ შვილებს ჩემ სიცოცხლეს ვანაცვალებ, ასე, რომ მე ჯერ სანამ ცოცხალი ვარ მათთვის ვცოცხლობ და ვის რა პრეტენზია აქვს და ვინ როგორ აჟღერებს ცრუ და ასეთ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, არავისთვის არ იქნება კარგი ეს. ვინც მედავება, იმ ადამიანს გაუჩნდა ძალიან დიდი მადა, რომელიც ცხოვრობს ჩემ ნაჩუქარ სახლ-კარში და იქ გეგმავს ამ გეგმებს. მე არ ვიცი მაგი ქალბატონი, ქალბატონები სხვანაირად იქცევიან,” – ამბობს კურტანიძე.
ელდარ (ლუკა) კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე განმარტავს, რომ “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ქობულეთის სახლი “იარაღის მუქარით, ნოტარიული წესით გადაიფორმა” და თუ ელდარ კურტანიძემ ბათილად ცნო ხელშეკრულებები, მისი შვილები დარჩებიან იმის გარეშე, რაც ხათუნა მიქაცაძემ მათ აჩუქა.
დაობს იმ ქონებაზე, ქობულეთზე მაქვს კონკრეტულად საუბარი, რომელიც იყო ჩემი, დღემდე მაქვს განცდა, რომ დიახ, ის არის ჩემი, რომელიც იარაღის მუქარით, ნოტარიული წესით გადაიფორმა და ეს ფაქტი, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უდაოდ ცნო, აღიარა და დაადასტურა და დღეს ამ ქონებას დაობს ელდარ კურტანიძე.
მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ სამართალი იზეიმებს, რომ სახელმწიფო სიმართლეს არ დაკარგავს. იმ შემთხვევაში თუ ელდარ კურტანიძემ ბათილად ცნო ეს ხელშეკრულებები, ცხადია, მისი შვილები დარჩებიან იმის გარეშე, რაც მე მათ ვაჩუქე,” – განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ.
ხათუნა მიქაცაძის ადვოკატის, თამარ სადრაძის განცხადებით, ელდარ (ლუკა) კურტანიძე ყოფილ მეუღლეებს იმ ქონებას ედავება, რომელიც ერთმა ყოფილმა მეუღლემ მეორე ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა, რადგან ელდარ კურტანძე არ ზრუნავდა თავის არასრულწლოვან შვილებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან.
ედავება ქონებას, ქონებას, რომელიც ერთმა ყოფილმა მეუღლემ მეორე ყოფილ მეუღლეს გადაუფორმა იმის გამო, რომ ელდარ კურტანძე არ ზრუნავდა თავის არასრულწლოვან შვილებზე და იმისთვის, რომ შვილებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, იღებენ სახელმწიფოსგან შემწეობას მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ელდარი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და დიდი შემოსახლის მქონე ადამიანია.
მის მიერ წამოყენებული პრეტენზიები არ არის სამართლებრივად გამართული იმიტომ, რომ ადგილი არ ჰქონია არცერთი ხელშეკრულების დადების დროს კანონის დარღვევას, შესაბამისად იგი ითხოვს მას სრულად დაუბრუნდეს ქონება,” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნებოდა.
სასამართლომ “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა და 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ელდარ (ლუკა) კურტანიძემ საპატიმრო თებერვალში დატოვა.
















