ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებს მოითხოვს და ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებს მოითხოვს და ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„სადეზინფექციო სამუშაოს ჩატარება დაკავშირებულია დიდ თანხებთან და შესაბამის გამოცდილებასთან. ეკლესია ვერ ჩაატარებს ამას დამოუკიდებლად. იმისათვის, რომ ეკლესიამ ჩაატაროს სადეზინფექციო სამუშაო, მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

კითხვაზე, ხომ არ მიმართავს საპატრიარქო ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ პირიქით, სამინისტრომ უნდა მიმართოს ეკლესიას, ისინი კი უარს არ ეტყვიან.

მისივე თქმით, „იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას“

„ამ ახალ ვირუსთან, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოჩნდა, ბრძოლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ვირუსის დამარცხება, ავადმყოფობის მკურნალობა დაკავშირებული არიან თანხებთან და პრევენცია, თავის დაზღვევა, რომ ავადმყოფობა არ დაგემართოს, უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პანიკასთან ბრძოლა კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეპარება ეჭვი ერთმანეთის ადეკვატურობაში. ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ შევაჩეროთ ეს პანიკა. რა თქმა უნდა, საშიშია ავადმყოფობა, არასასიამოვნოა რომ დაგემართოს და ის შიში, რაც ადამიანს გააჩნია, რომ შეიძლება დაემართოს ყოველ დაცემინებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო პროცესია. მაგრამ იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრების პირობა წამოყენებული არ ყოფილა
შემდეგი სტატიაგზების მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონა ვირუსის სიმპტომი არ გამოუვლინდათ