ეკატერინე ტიკარიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიაზე კორონავირუსის მართვის ქართულ მოდელზე ისაუბრა

კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მილიონ მოსახლეზე 839-ია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულმა გამართულმა მოდელმა სამედიცინო პერსონალს მისცა საშუალება, ეფექტურად ემართა კორონავირუსი, რამაც განაპირობა დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნით ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებისადმი მიმართვისას განაცხადა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრის ჰანან მუჰამმედ ალ კუვარის მიწვევით მიიღო.

მათივე ცნობით, მინისტრმა თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოხილვა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში განახორციელა.

ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.

„შეზღუდვების მოხსნისა და ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, გაზრდილი მობილობის ფონზე, პროგნოზირებადი იყო შემთხვევების თანდათანობით მატება იმ რეგიონებში, სადაც მობილობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა – დღეისთვის ახალი შემთხვევების რიცხვი – 839-ია მილიონ მოსახლეზე. თუმცა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია განვაცხადოთ, სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულმა გამართულმა მოდელმა სამედიცინო პერსონალს მისცა საშუალება, ეფექტურად ემართა კორონავირუსი, რამაც განაპირობა დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სამიტის წევრებმა საქართველოს საქმიანობა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით დადებითად შეაფასეს.

მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების სამართავად და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა იგეგმება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიაში მონაწილეობდნენ: კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრი ჰანან მუჰამმედ ალ კუვარი, სინგაპურის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო მინისტრი ჯენილ პუტუჩერი, შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი, ლონდონის იმპერიალ კოლეჯის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის თანადირექტორი დევიდ ნაბარო და დიდი ბრიტანეთის სპეციალური მრჩეველი ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებში დეიმ სალი დევისი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტი „კატარის ფონდის“ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივას წარმოადგენს. სამიტის მიზანი ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში დიალოგის ხელშეწყობაა. ონლაინ პლატფორმა აერთიანებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს, მკვლევარებსა და ინოვატორებს.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა
შემდეგი სტატიატყიბულში “საქნახშირის” 140 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა