ეკატერინე ტიკარაძე : უახლოეს მომავალში მოქალაქეები შეძლებენ, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი

ყველა მოქალაქეს შეეძლება, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდება.

„ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე. განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არა მხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს. პირიქით, უფრო მეტიც. ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას.

ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმებს და შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროებთ. სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : მოსახლეობაში ნიღბის გამოყენება 95-პროცენტიან მაჩვენებელს თუ მიაღწევს, შესამჩნევად შევამცირებთ ახალინფიცირებულთა რაოდენობას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა