ეკატერინე ტიკარაძე : პირბადეების გამოყენების კუთხით ღონისძიებები გამკაცრდება

ვიმედოვნებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური, მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება.

„აღსანიშნავია ის კომპონენტი, რომ კვლავ დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა. დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის.

პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის დაგდებას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ გადაწყვეტას ამ პრობლემის მოგვარების. ვინაიდან ჩვენ ვითვალისწინებთ ქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე დედაქალაქში ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. დიდ იმედს ვიტოვებთ, დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება იმაში და ნიღბების ინტენსიური, მკაცრი გამოყენების პირობებში არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : დედაქალაქის მიმართულებით დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა გადაწყდეს, რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ