ეკატერინე ტიკარაძე : ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას

კორონავირუსის შესახებ მომზადებულ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს, თუ რა იყო ის სუსტი წერტილი, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა.

ტიკარაძის თქმით, უფრო კორექტული იქნება, თუ ყველა დაელოდება ანგარიშის პარლამენტში წარდგენას.

„შემდეგ უკვე ფართო საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება, ისევე როგორც პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდსტრატეგიის დაგეგმარებაში და ყველა იმ ღონისძიების გატარებაში, რომელიც გავატარეთ.

ყოველივე ამის შემდეგ ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ ის სხვა სუსტი წერტილებიც, რომლებიც მთავრობას შესაძლოა, ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი“,- განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ გამოვლინდა გარკვეული საჭიროებები ჯანდაცვის სისტემაში.

„ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მივუდგეთ ყოველივე ამას მეტად გლობალურად, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პერიოდში ის შეძლებს, გასცეს შესაბამისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სისტემას. ვიგულისხმე ის, რომ ჯანდაცვის სისტემაშიც გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით მომზადებული მთავრობის ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშზე მუშაობამ აშკარად დაანახათ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სუსტი წერტილების გამოვლენისთვის.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ
შემდეგი სტატიაზაზა გაბუნია : მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან