ეკატერინე ტიკარაძე: დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს ეპიდემიის რისკი

დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით, თუ ჯერ კვლავ დაკავებულია რისკები, რომლის პრევენციასაც უკვე ორი თვეა, ვახდენთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევების ზრდას, რადგან ერთ-ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პაციენტი დაინფიცირების წყაროს ვერ ასახელებს, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, პირველი პაციენტით შიდა გადაცემის დაწყება ვივარაუდოთ.

„ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს. თუმცა, დადებითი ეფექტი ის არის, რომ აკრეფილი გვაქვს ჯაჭვი ყველა იმ ადამიანისა, ვისთანაც ეს პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა, რაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. ეს ამსუბუქებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება, მეოთხეული გადაცემის რისკი გახდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან სამი კვირის თავზე პიკის პერიოდს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკმაოდ ეფექტურია მართვა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე ახორციელებს, რის შედეგადაც პიკური პერიოდი გადავადდა.

„ცუდი სცენარის შემთხვევაში გვქონდა გარკვეული რისკები, რომ მესამე კვირას პიკი გვექნებოდა, მაგრამ ეფექტური მართვის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პიკური პერიოდი შევძელით და გადავავადეთ. ჩვენი მხრიდან მიღწეულია პირველი მიზანი, რომელიც დასახული იყო იანვრის თვიდან, რომ ინფექციის საქართველოში გავრცელება რაც შეიძლება, ნელა და გვიან მომხდარიყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სისტემა ჯერ კიდევ არის იმის მოლოდინში, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და აქედან გამომდინარე, მთავრობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

„ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის სრულ მობილიზებას, რომ გადაზღვეული იყოს ყველა სარისკო მდგომარეობა, მოვახდინოთ ვირუსთან ეფექტური გამკლავება და დროული, სათანადო ზრუნვა ყველა იმ პაციენტზე, რომელიც დაფიქსირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, რა ზომები ტარდება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ პიკური პერიოდი და რაზე იქნება ეს დამოკიდებული, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მოქალაქეების ქცევაზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

„ნამდვილად დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ დღესდღეობით, მთავრობის მუშაობა ეფექტურია. ის 24-საათიან რეჟიმშია გადასული და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რგოლიც ასევე ეფექტურად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, არის წამყვანი. იმისთვის, რომ პიკური პერიოდი გადავავადოთ, ან გვქონდეს პლატო და შესაბამისად, გეგმური პაციენტების რაოდენობა, გვესაჭიროება, ჩვენმა მოქალაქეებმაც მაღალი ხარისხით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, როგორც სავალდებულო რჩევა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის მერთან დისტანციური თათბირი გამართა