ეკატერინე ტიკარაძე : ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადახედვა, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამან შესაძლოა მობილობა გამოწვიოს და ე.წ. შავი პარასკევის შედეგები დადგეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპისთვის გვაქვს სტაბილური მაჩვენებელი, ინფიცირებულთა რიცხვი 4500-ს არ აღემატება. ეს არის 1 კვირის მანძილზე რასაც ჩვენ ვაკვირდებით.

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, რომელიც იცით თუ რეალურად რამდენად დრამატულად იყო ასახული, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გაანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი 24 დეკემბრიდან კვლავ ძალაში დარჩეს კორონავირუსისი პანდემიის გამო, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს რომ გადაწყვეტილებების მიღება სპონტანურად არ ხდება, მას მსჯელობა და ეპიდსიტაუციის გაანალიზება სჭირდება.

„ჩვენ ვმსჯელობთ, ამას რიცხვები გვიჩვენებენ. ჩვენ გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებთ, დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე ლეტალობის შემთხვევები, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება ყველა პაციენტს შესაბამისად მისცენ ხარისხიანი მომსახურება, ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწვეტილებას“,-აცხადებს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი : „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაასკეცდება