ეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს, ფეიჯ არმსტრონგს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და სეროპრევალენტობის კვლევებზე ისაუბრეს, რომელიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ფინანსდება.

„შევხვდით CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების წარმომადგენლებს. ისინი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ შედეგების შესასწავლად იმყოფებიან. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება და ამ პროგრამას ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ვისაუბრეთ სეროპრევალენტობის კვლევებზეც, რომლებიც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ ფინანსდება“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ.

CDC-ისა და NCDC-ის თანამშრომლების მიერ საველე და ლაბორატორიული ჯგუფებისათვის კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის შესახებ ჩატარდა ხუთდღიანი პრაქტიკული ტრენინგი, ასევე საცდელი საველე სამუშაოები.

გარდა ამისა, ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს უტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა.

„ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი წარმატების აღნიშვნაა. ვისაუბრეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ პროგრამის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრთან ერთად სამომავლო გეგმებიც განვიხილეთ“, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულმა დირექტორმა, ფეიჯ არმსტრონგიმ.

სეროპრევალენტობის კვლევის მიზანია, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაში“ეს ვინ არი, ტო?… ქალბატონი რომ არ იყოთ სხვანაირად დაგელაპარაკებოდით”- ვაშაძე ფერაძეს
შემდეგი სტატიასკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება