ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სოციალურ აგენტებს ხელფასზე ორჯერ მეტი ბონუსური ანაზღაურება დაერიცხებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალურ აგენტებს ორი სახის ანაზღაურება ჰქონდათ – ფიქსირებული და გამომუშავებითი.

ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე მათ გამომუშავებით მიღებული ანაზღაურება არ დარიცხვიათ, თუმცა ჩაერიცხებათ ბონუსი, რომელიც ხელფასზე ორჯერ მეტი იქნება.

ტიკარაძემ ამ კომენტარით უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „სოციალურ აგენტებს აქვთ ხელფასი ფიქსირებული 80 ლარი და თითოეული ოჯახის შემოწმებისას იღებენ 4 ლარსა და 80 თეთრს, თუმცა ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ოჯახებში სიარული ეშინიათ. ამიტომ დამატებითი თანხა არ აქვთ, არ აქვთ საკმარისი ეკიპირებაც. შეიძლება თუ არა გაიზარდოს ფიქსირებული 80 ლარი და ექნებათ თუ არა შესაბამისი ეკიპირება“.

„პირველ რიგში დავაზუსტებ თქვენს კითხვას სოციალურ აგენტებთან მიმართებაში. მათ ჰქონდათ ორი ტიპის ანაზღაურება, ერთი იყო ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მეორე – გამომუშავებითი. გამომუშავებითი ანაზღაურება მათ ამ ეტაპზე არ დარიცხვიათ, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს გამარტივებული პროცედურები ჩვენს ბენეფიციარებთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ვიზრუნეთ, მათ ამ ეტაპზე დაერიცხათ ხელფასი, ხოლო დღეს უკვე ხაზინაში გაგზავნილი არის ის ბონუსური ანაზღაურება, რომელიც მათი ხელფასის ოდენობას ორჯერ აღემატება, რაც სავარაუდოდ ხვალ უკვე მათ ანგარიშზე აისახება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეკიპირებას, მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის მათ ეკიპირება არ ესაჭიროებათ.

„ჩვენ ამ ეტაპზე მიზნად გვაქვს დასახული, ეს მონიტირინგი იყოს გამარტივებული ჩვენი ბენეფიციარებისთვის, შესაბამისად, ჩვენი ბენეფიციარების შესასწავლად მონიტორინგის გააქტიურებას არ ვგეგმავთ. აქედან გამომდინარე, მათ ეკიპირება არ ესაჭიროებათ, თუმცა, თუ მსგავსი საკითხი დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, როგორც სხვა დამატებით შემთხვევაში, როგორიც არის ჯანდაცვის ობიექტები და ასევე კერძო სექტორი, რომელსაც ჩვენ ვთხოვთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვას, ამ ჩვენს თანამშომლებთან მიმართებაშიც იქნება ეს ყველაფერი გათვალისწინებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ფაიზერსა“ და „ბიოენტექში“ აცხადებენ, რომ წლის ბოლოს ვაქცინა შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა მიიღოს
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდა