ეკატერინე ტიკარაძე – აჭარაში საწოლების დეფიციტი არ არის

აჭარაში საწოლფონდი მობილიზებულია, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკების დატვირთულობა ​50 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის თქმით, კლინიკაში 154 პაციენტი იმყოფება.

„კლინიკურ ჯგუფთან ერთად გავეცანით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეანიმაციულ პალატაში დაკვირვებას 12 პაციენტი გადის, რომლებიც საყურადღებო არიან. არც ერთი არ არის აპარატდამოკიდებული.
მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საყურადღებო. გეგმურად მიმდინარეობს ყველა პაციენტის მკურნალობა და კლინიკა მობილიზებულია დამატებითი პაციენტების მიღებაში. აღსანიშნავია, რომ აჭარაში საწოლფონდის მობილიზაცია სრულად არის უზრუნველყოფილი და ამ ეტაპისთვის კოვიდკლინიკების დატვირთულობა შეადგენს 50 პროცენტს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საწოლფონდი მზად არის, რათა მიიღოს პაციენტების დამატებითი ნაკადი.

„ჩვენ ასევე დღეს დილით გვქონდა დამატებითი შეხვედრა გადაუდებელი დახმარების ცენტრის აჭარის წარმომადგენლებთან. მათგან დეტალური ინფორმაცია მივიღე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პაციენტების გადმოყვანა კვლევებისთვის კლინიკებში, რათა შემდგომში მათი გადანაწილება მოხდეს, როგორც ჰოსპიტლებში, ისე საკარანტინო სასტუმრო სივრცეებში. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო სივრცეებში პაციენტების გამოჯანმრთელება შეინიშნება. მათი მდგომარეობა არის სტაბილური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, საყურადღებოა მხოლოდ აჭარის მდგომარეობა.

„სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ჯერ კიდევ გვესაჭიროება გარკვეული დაკვირვება, თუ როგორი იქნება ინფიცირებულთა რიცხვი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუ რამდენად დაექვემდებარა კონტროლს აჭარის რეგიონი და რამდენად ეფექტიანი იყო ყველა განხორციელებული ღონისძიება. ამაზე ერთი კვირის შემდეგ ვისაუბროთ და შევაჯამოთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვიდრე ქვეყანაში არაფორმალური მართველობაა, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება”
შემდეგი სტატიააფეთქება უფლისციხეში – დაშავდა 3 ადამიანი