ეკა სეფაშვილი: საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის

„2014 წელს, როცა სქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერა, ამით მან საერთაშორისო დონეზე ხმამაღლა განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმართული ძალისხმევა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი არ არის ლიტონი სიტყვები“,- განაცხადა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო დებატების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი მარტივი არ არის და დღემდე გრძელდება დირექტივების შესაბამისად იმ სტანდარტების დანერგვა, რომელიც ევროპაშია აპრობირებული.

„ეს არის საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი ისტორიული მიზანი. გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ და უპირობოდ უჭერს მხარს სქართველოს ინტეგრაციას ევროპაში. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილი და ოცნება, არამედ ქართველი ხალხის სურვილი და მონდომებაა. „ქართული ოცნება“ სწორედ ქართველი ხალხი ნებას ვახორციელებთ“, -განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 40% უკვე განხორციელებულია; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილში არსებული დირექტივებისა და ევროპული კანონმდებლობის 60% უკვე რეალიზებულია; ფუნქციონირებს ისეთი მარეგულირებელი ინსტიტუციები, როგორიცაა: კონკურენციის სააგენტო, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, დასაქმების სააგენტო, შრომის ინსპექციის სააგენტო და პროფესიული უნარების სააგენტო.

„არაერთი ევროპული შეფასების მიხედვით, საქართველო მოწინავე პოზიციებს ფლობს არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის და ეს დასტურდება სხვადასხვა სარეიტინგო მონაცემებითაც, სადაც საქართველო საკმაოდ შთამბეჭდავ პოზიციებს იკავებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ სულიერ და კულტურულ განვითარებას
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა