ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი პარტიებს მშვიდობის მემორანდუმზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

მომავალი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რუსეთის დუმის არჩევნები და პრეზიდენტის კამპანია “შენი ხმა ჩვენი მომავალია” გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერის ბრიფინგის მთავარი თემები იყო.

ეკა მიშველაძის განცხადებით, წარმატებით გრძელდება საპრეზიდენტო კამპანია “შენი ხმა ჩვენი მომავალია”, რომელშიც ახალგაზრდების მეშვეობით, პრეზიდენტი ამომრჩეველს გააქტიურებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც, მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტი სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ამ კამპანიის სახელწოდება, პირობითად არის – „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა“.

ეკა მიშველაძე რუსეთის ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს გამოეხმაურა.

“ საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალი სრეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.

ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი,რუსეთის ფედერაციის სხვადსხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.

ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს”,- აღნიშნა მიშველაძემ.

ბრიფინგზე პრეზიდეტნის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერის ინიციატივას მშვიდობის მემორანდუმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარტიებს მემორანდუმის ხელმოწერისკენ.

“მართალია, მემორანდუმები არ არის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების სრული გარანტი. გარანტი პირველ რიგში, კანონის უზენაესობა და მისი დაცვაა.

კანონის დაცვას კი, პრეზიდენტის აზრით, არ სჭირდება დამატებითი პოლიტიკური კეთილი ნება. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა და მიუხედავად პირადი პოლიტიკური სიმპათიისა, დაიცვას ყველას უფლება- აწარმოოს მშვიდი საარჩევნო კამპანია”,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში  საზეიმოდ იკურთხა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი
შემდეგი სტატია“ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა” ჯონდი ბაღათურიას დაუჭერს მხარს