ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მიიჩნევს აღნიშნული სასამართლო პროცესი დაწყების დღიდან იყო პოლიტიზირებული

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის შეფასებებზე რუსთავი 2-ის საქმესა და მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

მიშველაძის განმარტებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი და საქმე დაწყების დღიდან იყო პოლიტიზირებული, არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა კი დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით:

„საქართველოს პრეზიდენტის აზრით ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ანალოგიური დამოკიდებულებაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში ვიზიტის განმავლობაში მიმდინარე ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის თემა იყო ძალიან მაღალი ინტერესის საგანი. პრეზიდენტი თვლის, რომ ის რაც ხდება რუსთავი 2-ის გარშემო, ამძაფრებს კითხვის ნიშნებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პრეზიდენტის აზრით არჩევნებამდე რუსთავი 2-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა ქვეყნის პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა, პრეზიდენტის აზრით ეს პროცესი პირველი დღიდან იყო პოლიტიზირებული, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. შესაბამისად, პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს გაითვალისწინოს ამ პროცესის შედეგები და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს მედიასთან დაკავშირებულ თემატიკას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერატქებში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა.
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა