ეკა მიშველაძე პეტრიაშვილის თავდასხმაზე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ეკა მიშველაძე იმედოვნებს, რომ პეტრიაშვილის თავდასხმასთან დაკავშირებული საქმე გადაკვალიფიცირდება.

როგორც ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით ბოლომდე მივა.

“საქმე გახსნილი ჯერ არ არის, ეს არის ძალიან მზაკვრული და ძალიან მხდალი თავდასხმის ერთ-ერთი საქმე. შესაბამისად, ველოდები, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა დაგეგმვაში და შესრულებაში. რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, ეს არის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ადამიანს ესვრი იარაღს და საფეთქელში ურტყამ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას იმეტებ სიკვდილისთვის. მე მჯერა, კიდევ ველოდები, რომ საქმე გადაკვალიფიცირდება”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე განმარტებით, დღეს ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოდან გამოწერენ.

“ველოდებით პროცედურებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმედი გვაქვს, რომ დღეს სახლში წავალთ”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაზე შს სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ზემოხსენებული მუხლი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაბათუმის ვიცე მერი სცემეს