29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ეკა კუპატაძე მერაბ მალანიას განცხადებაზე: ჩემთან ტრაფარეტული ლაპარაკი არ გამოუვა — ჩემი ძაძების ფასი უნდა გავაგებინო

მოკლული გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ტვ პირველის“ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას პოზიციას უპასუხა, რომელიც შვილის ბრალეულობას გამორიცხავს. კუპატაძის განცხადებით, რომ არა ბრალდებული არასრულწლოვანი გ.მ. (გიორგი მალანია), მისი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

„არ ვეთანხმებით ბრალსო?… ჩემთან ტრაფარეტული ლაპარაკი არ გამოუვა… მოვიდეს ჩემთან, ჩემი ძაძების ფასი უნდა გავაგებინო და არა იმ შარვალ-კოსტუმების ფასი. მე პატიოსანი შვილი მომიკლეს და სასამართლო პროცესზე რომ პიჯაკში გამოწყობილი მივიდა მერაბ მალანია, ჩემთან მოვიდეს, ამისი ფასი უნდა ვასწავლო“, — განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გიორგი მალანიას, რომელიც მოკლულის ყოფილი მოსწავლეა, 4 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი 1 ივლისს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით დაუმძიმა.

გამოძიების ვერსიით, გიორგი მალანიას დახმარებით, საქმეზე ბრალდებულმა გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს ავალიანის სამუშაო და საცხოვრებელი მისამართები, შეისწავლეს მისი გადაადგილების გრაფიკი და დაიწყეს თვალთვალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვანს 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მერაბ მალანია გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება.

banner
წინა სტატიაშილიბანური მედია: ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, ჰეზბოლას მიწისქვეშა კომპლექსის სიახლოვეს საჰაერო იერიში მიიტანა
შემდეგი სტატიააშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში დაკარგული სამხედროს სამძებრო ოპერაცია შეაჩერა