თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პარალელურად, საქმის ახალ დეტალებზე „ტვ პირველთან“ მოკლულის ახლობელმა, ეკა კუპატაძემ ისაუბრა და გამოძიება მფარველობაში დაადანაშაულა.
კუპატაძის განცხადებით, საქმეში არსებული მიმოწერებით იკვეთება, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძესთან ერთად მკვლელობის დაგეგმვის შემდეგ გიორგი მალანია სპეციალურად ამ მიზნით გაიცნო. მისივე თქმით, მალანიამ ზუსტად იცოდა, რომ მასწავლებლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ხელს აფარებდა პროცესს. კუპატაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, თუ რატომ არ ჩანდა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი აქამდე საქმეში.
„გიორგი მალანია არის ის პიროვნება, ვინც ალექსანდრე გაბაშვილის და გიორგი რიკაძის ხელით მოკლა გიგა ავალიანი… თუკი არ მფარველობდა მამიკო, მერაბ მალანია, რატომ არ ჩანდა ის საქმეში არსად? ვის სჯერა ახლა, რომ პოლიციის განყოფილებაში ისეთი გამომძიებლები სხედან, რომლებიც 41 ზარს ვერ ამჩნევენ? არსად არ ჩანდა, ჩემგან გაიგონა პროკურატურამ გიორგი მალანიას სახელი და გვარი“, — აცხადებს ეკა კუპატაძე.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი 1 ივლისს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება (სსკ-ის 25, 117-ე მუხლი), რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, სწორედ მალანიას მიწოდებული ინფორმაციით (მისამართები, სამუშაო გრაფიკი, მარშრუტი) შეძლეს მსჯავრდებულებმა — ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა მასწავლებელზე თვალთვალი და 2025 წლის 1 ოქტომბერს თავდასხმა, რის შედეგადაც გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. უშუალო თავდამსხმელები უკვე მსჯავრდებულები არიან.















