ეკა ხერხეულიძე – სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა

სამწუხაროდ, სააკაშვილი არ წყვეტს შიმშილობას, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც შედის და ნახულობს, იმდენად მკვეთრად არის გამოხატული სისუსტე, რომ ამისთვის თვალის არიდება უსინდისობაა, თუ ამას ვინმე შეძლებს და იტყვის. ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე, რაც აქამდე არ გაჟღერებულა. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც საზოგადოებამ არ იცის და აუცილებელია, საქმის კურსში იყოს. ეს ეხება გადაყვანასაც, არსებულ პირობებსაც, მის მდგომარეობას, რაც მის ირგვლივ ვითარდება.

სამწუხაროდ, შიმშილობას არ წყვეტს, დათქმა არის ძალაში. დიდი გულისტკივილით ვამბობ, არავის ძალა არ ჰყოფნის, რომ ის დაარწმუნოს ამაში, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გახმოვანდა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილების შესრულებისთვის კი გარკვეულ პირობებს აყენებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა“, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები კონგრესს ღია წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაბენ ჰოჯესი: კრამერს უყვარს საქართველო და სძულს ის, რაც ახლა ხდება… მე მას სრულებით ვეთანხმები