ეკა გიგაური – წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2017 14:52

ეკა გიგაური – წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა

მნიშვნელოვანი

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1-ელი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა, რასაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხება.

სხვა სტატიები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1-ელი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა, რასაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ეხება.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა. ორგანიზაციამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე ცენტრალურ და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებში 16 საჩივარი შეიტანა, მათგან ერთი დაკმაყოფილდა, 10 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო განხილვაშია 5 საჩივარი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყველაზე პრობლემური საკითხი საჯარო მოხელეების მობილიზაციაა.

„ერთი მხრივ, უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები ესწრებიან მმართველი პარტიის შეხვედრებს არასამუშაო დროს, მეორე მხრივ, პრობლემურია ის, რომ მათ უწევთ ამ შეხვედრებზე მისვლა და აქვთ შეგრძნება, რომ თუ არ მივლენ, პრობლემები შეექმნებათ. ასევე პრობლემატური საკითხია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვების საკითხზე გამოძიების არდაწყება. ეს არის გზავნილი სხვების მიმართ, რომ მათაც შეუძლიათ მსგავსი საქმიანობა გააგრძელონ, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. გარკვეული კითხვები გააჩინა ახალი გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილებამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეეცვალა მოადგილე ნინო ლომჯარია, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხებს ზედამხედველობდა. ეს დადებით გავლენას ვერ მოახდენს პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესზე. მნიშვნელოვანია, რომ სხვა მცირე და დიდ დარღვევებზე იყოს შესაბამისი რეაგირება უწყებების მიერ“, – განაცხადა გიგაურმა.

რაც შეხება ცალკეულ დარღვევებს, როგორც ორგანიზაციის იურისტმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე მეტად პრობლემური იყო.

„ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბურ მობილიზებას.მიუხედავად იმისა, რომ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც საჯაროდ იტყოდნენ, რომ ისინი აიძულეს შეხვედრაზე მისულიყვნენ, ჩვენთან საუბარში რამდენიმე საჯარო მოსამსახურე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მიღებული ინსტრუქციის გამო. საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი მობილიზება, მინიმუმ ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას.

საგანგაშო იყო მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიების შეგროვების შესახებ. არსებობს აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, ბაგა-ბაღების დირექტორებს, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე აძლევდა უკანონო ბრძანებებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა, რაც გაუგებარია.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გამგებლის წარმომადგენელმა ლადო შველიძემ პარტია „ქართული ოცნების” შტაბის უფროსს დავით კოდუას საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სია მიაწოდა, პირადი ნომრებისა და ვინაობების მითითებით, სადაც სიის ნაწილს პლუს ნიშნები, ნაწილს მინუსის, ხოლო ნაწილს კითხვის ნიშნები ჰქონდა მითითებული. მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტით გარდა „საარჩევნო კოდექსისა”, რომლის თანახმადაც საარჩევნო მიზნებისთვისთანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენება იკრძალება, შესაძლოა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიც დაირღვა.

დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ათეულობით ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. ჩვენ მიერ აღმოჩენილ ყველა შემთხვევაში, „ფეისბუქის” მეშვეობით საჯარო მოხელეების მიერ გაწეული უკანონო აგიტაცია განხორციელებული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ“, – განაცხადა ნატროშვილმა.

ორგანიზაციის ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტები და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი.

„ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ წინასწარი სიები იმ კანდიდატებისა, რომლებიც „ქართული ოცნების” მიმართ ლოიალობის გამო უნდა დანიშნულიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, თელავში ოპოზიციური პარტიის მიერ წინასწარ გასაჯაროებული სია ჩვენ შევადარეთ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოგვიანებით არჩეულ წევრთა სიას და ისინი სრულად დაემთხვა ერთმანეთს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის შიგნით მიიღება.

საანგარიშო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, სადაც მოქმედი გამგებელი და მერობის კანდიდატი გოგი ბარბაქაძე, რომელიც მმართველმა პარტიამ კანდიდატად აღარ წარადგინა, “ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატურის მოხსნის იძულებაში ადანაშაულებდა. მისივე ინფორმაციით, სოფელ ირგანჩაიში მმართველი პარტია მოსახლეობას მათი ხმების მისაღებად ყურანზე დაფიცებას აიძულებდა. შსს-ის ინფორმაციით, ამ ფაქტებზე, რასაც ადგილობრივებიც ადასტურებდნენ, გამოძიება დაიწყო“, – განაცხადა ნატროშვილმა.

რაც შეეხება სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ფაქტებს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბევრი კითხვა გააჩინა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების წარმომადგენლების, ე.წ. სოფლის რწმუნებულების საშტატო ნუსხიდან არამუდმივ თანამდებობებზე გადაყვანამ.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ცვლილება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გამგებლების 168 წარმომადგენელს შეეხო. მსგავსი რამ მოხდა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი აზრით, ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო და საარჩევნო პროცესებზე უარყოფით გავლენა შეიძლება ჰქონოდა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე სოფლის რწმუნებული ჩვენთან კონფიდენციალურ საუბარში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მათი თანამდებობაზე დარჩენა დამოკიდებული იქნებოდა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2017 14:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,494
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics