“გასაგებია, რატომ უჩვილა “ოცნებამ” კრიტიკულ ტელეარხებს… მას არ უნდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
“ქართული ოცნება” ტელეკომპანია პირველს და ტელეკომპანია ფორმულას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა – “ოლიგარქი”; “არალეგიტიმური ხელისუფლება”; “ოლიგარქის რეჟიმი”; “კლანის მსახური მოსამართლე” და ა.შ..
მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” ისეთი ახალი ამბების “ეშინია”, როგორიცაა – კრიტიკული გამოძიებები მმართველი პარტიის კორუფციაზე; დამოუკიდებელი ექსპერტების ან არასამთავრობოების კრიტიკული შეფასებები; ოპოზიციური პარტიების ან სამოქალაქო პროტესტის გაშუქება, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები; საარჩევნო დარღვევები ან ძალადობა; ირონია, სატირა ან სარკაზმი მმართველი პარტიის მიმართ.
გასაგებია რატომ უჩივლა ივანიშვილის ოცნებამ კრიტიკულ ტელეარხებს TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი და Formula • ფორმულა. მას არ უნდა რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს, იმაზე თუ რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში. ამ საჩივრების ანალიზისას საინტერესოა გავიგოთ რა უშლის ქართულ ოცნწბაა ყველაზე მეტად ნერვებს, კერძოდ,
რა შინაარსის ნიუსების „ეშინია“ მმართველ პარტიას და რა არ უნდა გაავრცელოს კრიტიკულმა მედიამ:
1. კრიტიკული გამოძიებები მმართველი პარტიის კორუფციაზე – არ გაბედოთ გამოქვეყნდეს სიუჟეტი, რომელიც ეხება თანამდებობის პირების გაუმჭვირვალე ქონებას, ფიქტიურ ტენდერებს, „ქართუს“ გავლენებს ან ჩინურ კომპანიებთან დაკავშირებულ გარიგებებს. მმართველ ძალას აშინებს კითხვები: “ვისია ეს შენობა?”, “როგორ გაიხარჯა ბიუჯეტის ეს თანხა?”, “რატომ მოიგო ტენდერი სანქცირებულმა კომპანიამ?”
2. დამოუკიდებელი ექსპერტების ან არასამთავრობოების კრიტიკული შეფასებები – თუ რომელიმე ეთერში გაჟღერდება TI-ს, ISFED-ის, GYLA-ს ან სხვა ორგანიზაციის სიტყვა „დემოკრატიის გაუარესება“, „დაპირისპირებული სასამართლო სისტემა“, „ჩარევა არჩევნებში“ — ეს „მიუკერძოებლობის დარღვევად“ ითვლება. ფაქტობრივად, ეთერში არ უნდა გაჟღერდეს სიტყვები „ავტორიტარიზმი“, „ელიტური კორუფცია“ ან „სახელმწიფოს მიტაცება“, თუნდაც საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით.
3. ოპოზიციური პარტიების ან სამოქალაქო პროტესტის გაშუქება, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები – არ გაბედოთ აჩვენოთ კადრები, სადაც პოლიცია სცემს მოქალაქეებს, ან სადაც ოპოზიციური ლიდერები საუბრობენ პროკურატურის მიკერძოებულობაზე — ეს უკვე „კამპანიური გაშუქებაა“. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იქნეს დაცული, თუ პროტესტზე გიჟღერდება სიტყვა „ევროპული არჩევანი“, „რუსული კანონი“ ან „საბოტაჟი არაა კრიტიკა“.
4. საარჩევნო დარღვევები ან ძალადობა – არ გაბედოთ დაწეროთ: „ბიულეტენების ჩაყრა“, „უბნის კომისიის მიკერძოება“, „დამკვირვებლების ზეწოლა“, „დასჯის მოლოდინში მყოფი საჯარო მოხელეები“ — ამას სარჩელი მოჰყვება, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნების გაშუქება იყო „ცალმხრივი“.
5. ირონია, სატირა ან სარკაზმი მმართველი პარტიის მიმართ – თუ მაყურებელი გაიცინებს ხელისუფლებაზე, ეს შეიძლება აღიქმოს „დესტაბილიზაციის მცდელობად“. მაგალითად: თუ წამყვანმა თქვა — „ბიძინა ამბობს, რომ ევროპა მავნეა, თუმცა მისი ქონება ევროპაშია“ — ეს უკვე კომუნიკაციების კომისიამდე მიდის.
მოკლედ ასე მარტივად „უსაფრთხო მედიის“ გზამკვლევი გააკეთა მმართველმა პარტიამ:
• არ ახსენო ხელისუფლების პასუხისმგებლობა;
• არ აჩვენო პროტესტი როგორც სამართლიანი;
• არ გააშუქო კორუფცია;
• ნუ მიუთითებ სისტემურ ჩარევებზე სასამართლოსა და პროკურატურაში;
• იყავი „მოუკერძოებელი“, რაც ნიშნავს „ჩუმად“. – წერს ეკა გიგაური.