ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ კრიტიკულ ანგარიშს საქართველოს შესახებ შესაძლოა საერთაშორისო რეაქციების ახალი ტალღა მოჰყვეს. ამის შესახებ ტვ პირველთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს.
გიგაურის თქმით, დოკუმენტი ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების დონეზე განხილვების საფუძველი გახდება და საქართველოს საკითხი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებშიც აქტიურად განიხილება.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ანგარიში იქნება საფუძველი ამის მოთხოვნის და რა თქმა უნდა, ის განიხილება ზუსტად ევროპული საბჭოს სხდომაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოჰყვება კიდევ სხვა რეაქციები, იგივე, მაგალითად, საქართველოს თემის განხილვები ევროკავშირის სხვადასხვა წევრი საელწიფოების პარლამენტებში. ამას მოჰყვება ძალიან დიდი ყურადღება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამატებით.
ჩვენ ვხედავდით, რომ ერთი პერიოდი, როცა მრავალრიცხოვანი აქციები გვქონდა და ამის შემდეგ წამებაზე რომ გახდა ცნობილი, ამას მოჰყვა რექციები. რაღაც მომენტში ძალიან ბევრი რამ ხდებოდა მსოფლიოში, მათ შორის ირანში, ვენესუელაში და რა თქმა უნდა, უკრაინა არის ყველაზე მთავარი თემა, რასაც ყურადღებას აქცევენ დასავლეთის ქვეყნები, მაგრამ ეს ახლა ახალი ტალღა დაიწყება და უკვე ამას ოჰყვება სხვადსხვა დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაქციები, – ამბობს ეკა გიგაური.
საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მიუთითებს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ შესაძლო რეაგირებას, მათ შორის პერსონალურ სანქციებს, ფინანსური დახმარების გადახედვას და პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებას.

















