ეკა გიგაური: ეს არის დაცინვა

“ჩემთვის პირადად ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, როდესაც მთელი დასავლეთი, ანუ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს – იქნება ეს სხვადასხვა რეფორმა თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ასევე ისინი საუბრობდნენ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებზე და როდესაც ასეთი რამე ხდებოდა და ასეთ რაღაცებს აჟღერებდნენ, ჩვენი მთავრობა საპასუხოდ აკეთებს რას? საპასუხოდ აი, ამ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი.

ძალიან ეთიკურად, რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები რას ფიქრობენ და ეს, ფაქტიურად, არის დაცინვა. ასე არ ექცევი და ასეთი რეაქციები არ გაქვს იმ პარტნიორის განცხადებებზე, რომელიც გეხმარება, რომელიც ცდილობს დაგაახლოვოს NATO-სთან და ევროკავშირთან და რომელიც ეხმარება შენს ეკონომიკას განვითარებაში და ძალიან ბევრ დახმარების პროექტებს ახორციელებს. ასეთი პასუხი, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური და დაცინვა, არ შეიძლება ასე ექცეოდე საკუთარ პარტნიორებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი რეაქციები”, – ასე ეხმაურება, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს დირექტორი, ეკა გიგაური, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1016-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადავით ჯანდიერი გიგი უგულავა დაკავების ფაქტს ეხმაურება