„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ქართული ოცნების“ მხრიდან დასავლელი პარტნიორების უგულებელყოფის პოლიტიკას ეხმაურება. მისი განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები სხვადასხვა მიზეზის გამო უპირობოდ ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას, თუმცა თავად ივანიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება თანაგუნდელები დათმოს და დასავლეთთან საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყოს ვაჭრობა.
გიგაურის თქმით, გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით, რუსეთის დასუსტებისა და დასავლეთის გაძლიერების ფონზე, მმართველ გუნდში კარგად ესმით მოსალოდნელი შედეგები და სანქციების შიში აქვთ.
„მოდი გავყოთ ბიძინა ივანიშვილი და ‘ქართული ოცნება’ იმიტომ, რომ ‘ქართული ოცნების’ წევრები საბოლოოდ ასრულებენ იმას, რასაც ეუბნება მათ ბიძინა ივანიშვილი ბევრი მიზეზის გამო – ზოგი იმიტომ, რომ კორუფციაშია ჩართული და ეშინიათ, რომ დაიჭერენ, ზოგი იმიტომ, რომ რაღაც სარგებელს იღებენ მისგან, ზოგს უბრალოდ ეშინია, რაღაც მიზეზების გამო ეს ადამიანები უბრალოდ ასრულებენ ყველაფერს, რასაც ეს ადამიანი მათ სთხოვს. მეორე საკითხი არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი – ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან თუ გაჭირდა თავის გუნდზე უარს იტყვის და თვითონ გარანტიებზე დაიწყებს ლაპარაკს, რომელიც შეიძლება მიიღოს, ესეც მოლაპარაკების საგანია. კი, რა თქმა უნდა, გადაიხდის ამ საფასურსაც, როდესაც ეს მომენტი დადგება. ეს მომენტი ნელ-ნელა მოდის…“ – განაცხადა ტვ პირველის ცნობით, ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომლის კენჭისყრაც „ქართული ოცნების“ დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

















