ეკა გიგაური დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარებაზე – პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს

პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ეკა გიგაური აღნიშნულს უარყოფითად აფასებს.

„მე ამას უარყოფითად ვაფასებ, მგონია, რომ ეს არ არის სწორი. როდესაც ისედაც დაძაბული ვითარებაა, არჩევნები მიმდინარეობს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება შეაშინოს ამომრჩეველი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩვენ საარჩევნო გარემოს შეფასებისას პრობლემები არ გვქონდეს და ასევე, გააკეთონ ყველაფერი, არ შეუქმნან განწყობა ამომრჩეველს, რომ საშიშია უბანზე მისვლა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. თუ პირს იარაღის ტარების უფლება აქვს, ცხადია ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ძალიან ცუდ აღქმას ტოვებს და ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, ეს არის ცუდი, რადგან ჩვენ ისედაც ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს არჩევნების ჩატარება, ძალიან ბევრი ბარიერი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პანდემიის პირობებში ტარდება არჩევნები და ნუ შევუქმნით დამატებით განწყობებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე. ამიტომ, წყნარ გარემოში არჩევნების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა. ამასთან, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღით გადაადგილდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი – მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, წავიდნენ არჩევნებზე
შემდეგი სტატიამარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ