ეკა გიგაური: ჩვენ, როგორც სახელმწიფო, უბრალოდ დავიღუპებით და ეს შეეხება თითოეულ მოქალაქეს

ხელისუფლება სახელმწიფო სისტემას ოპონენტების დასაჩაგრად იყენებს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ბევრი წლით გადაიდოს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან სამწუხარო და ცუდი დღეები გვაქვს. არავინ ველოდით, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ლოგიკური განვითარება იმისა, რომ ხელისუფლება მთლიანად სახელმწიფო სისტემას იყენებს, რათა დაჩაგროს თავისი ოპონენტები და როგორც ჩანს, მას ეს ჯერჯერობით გამოსდის. რა თქმა უნდა, ეს ქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება და არც არის, ჩვენ ამას ვხედავთ. საერთო ჯამში, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ცალსახად მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი გაწევრიანება გადაიდოს ბევრი წლით. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.

ზუსტად ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, პირველ რიგში, ჩვენს მთავრობას, რომ დაფიქრდეს იმაზე, რასაც აკეთებს და გადადგას ნაბიჯი, რათა ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავალი ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ, როგორც სახელმწიფო, უბრალოდ დავიღუპებით და ეს შეეხება თითოეულ მოქალაქეს. მთავრობაზეა დღეს პასუხისმგებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად არ მოხდეს მოვლენების ესკალაცია, არ დაიძაბოს სიტუაცია ისე, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი: გაბრაზებული ვარ