ეკა გიგაური : არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ექვსი საჩივარია დაწერილი.

„პირველი ტურის მსგავსად ამჯერადაც ტენდენციის სახით დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიების, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული წევრების მიერ უარის თქმა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა: მთაწმინდის 8-ე, სამგორის 71-ე, კრწანისის მე-9, ბათუმში მე-10 და გორის 35-ე საარჩევნო უბნებზე.
ბაღდათის მე-13, რუსთავის 24-ე და ზუგდიდის 31-ე საარჩევნო უბნებზე დკვირვებლებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბნებზე.
ბათუმის 65-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველი აგიტაციას ეწეოდა. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ დროებით ჩაანაცვლა კომისიის ეს წევრი. მარნეულის 27-ე საარჩევნო უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით მიაცემინეს ხმა.
მარნეულის მე-18 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები აგრესიულად იყვნენ განწყობილი დამკვირვებლების მიმართ“, – განაცხადა გიგაურმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისში 32-ე უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, კომისიის წევრები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას.

„საგარეჯოს 38- ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ ჩვენი მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა საარჩევნო უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა, რადგან ის გადასატან სიაში იყო რეგისტრირებული“, -განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიახალციხის საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო
შემდეგი სტატიამარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული