ეკა გიგაური: აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება “ჩვენ არ გვეხება”

“საზოგადოება დღეს ამბობს, რომ ვერავის ვერ დააშანტაჟებენ და ვერავის ვერ დააშინებენ იმ კადრების გამოქვეყნებით, რომელიც მათ პირად ცხოვრებას ეხება”, – ამის შესახებ კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრი ნინო ლომჯარიამ, კამპანიის მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავეებმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, პასუხი უნდა აგონ.

“ჩვენ გვაინტერესებს ვინ იღებს პასუხისმგებლობას. ვინ არიან სახელმწიფო სტრუქტურებში ის ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ და რატომ არ დასაჯეს ისინი. ასევე გვაინტერესებს არსებობს თუ არა ეს სისტემა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მასიურ კონტროლს ახორციელებს. მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოხდეს გამოძიება და იმ ადამიანების დასჯა, ვინც ეს კადრები გაავრცელა. თუ ეს თავად არ შეუძლიათ, ჩართონ საერთაშორისო საზოგადეობა. საზოგადოება დღეს ამბობს, რომ ვერავის ვერ დააშანტაჟებენ და ვერავის ვერ დააშინებენ იმ კადრების გამოქვეყნებით, რომელიც მათ პირად ცხოვრებას ეხება. ეს საზოგადოებას არ აინტერესებს. ეს ცუდად აისახება ავტორებზე და შემსრულებლებზე”, – განაცხადა ლომჯარიამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს ის, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება “ჩვენ არ გვეხება”.

“ჩვენ გვეხება ის, რომ შეიძლება უკანონოდ გვითვალთვალებენ, ასევე ის, რომ შეიძლება რომელიღაც ჯგუფმა ატეროროს ადამიანები. ჩვენ უარს ვეუბნებით ყველა ამ ჯგუფს. შეუძლებელია მათ თავიანთ მიზანს მიაღწიონ. ვამბობთ – არა უკანონო მოსმენებს და თვალთვალს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კამპანიის “ეს შენ გეხება” აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციაზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელება გააპროტესტეს და ასევე, ჩანაწერების ავტორებისა და გამავრცელებლების დასჯა მოითხოვეს. დედაქალაქის გარდა აქცია, პარალელურად რამდენიმე რეგიონში გაიმართა. არასამთავრობო სექტორთან ერთად აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: რეაქციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმისთვის რომ ჩვენ ვუთხრათ არა მოსმენებს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონის გამკაცრებაზე მსჯელობენ